55 წლის ლეილა მამისაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ
არაშენდაში ცხოვრობს. რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის სფეროში
აქტიურად ჩაერთო. ზრუნავს ფუტკრებზე, ჰყავს მეხორცული ჯიშის ქათმები,
მუშაობს ვენახში და მოჰყავს აბრეშუმის ჭია.
ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა რთული საქმეა. გარდა იმისა, რომ ეს
ბიზნესია, სიამოვნებასაც ანიჭებს.
როგორც ქალბატონი ნანული ამბობს, საზოგადოების შეფასებით,
„მეფუტკრეობა, რატომღაც, მამაკაცის საქმიანობად მიიჩნევა,“ თუმცა ის
სირთულეებს მაინც არ შეუშინდა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა.
-“ორი წელიწადი ვმალავდი, რომ მაინტერესებდა ეს საქმიანობა, რატომღაც
მეფუტკრეობა მამაკაცების სპეციალობად ითვლება. ქალი და ფუტკარიო?
ამბობდნენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და მაინც
გამომივიდა.“
ცოტა ხნის წინ ამერიკული ჯიშის ქათმების- ბრამების მოშენებაც დაიწყო,
რომელიც „მეხორცულია და კარგადაც კრუხობენ“.
ლეილა მამისაშვილი დიდი ხანია მეაბრეშუმეობასაც მისდევს. მისი თქმით,
კარგი იქნება თუკი ეს დარგი საქართველოში ისევ განვითარდება.
აბრეშუმის პარკიდან ამზადებ მასალას, რომელიც თექაში გამოიყენება.
დიდი ხანია ქსოვითაც არის გატაცებული. მის მიერ შექმნილი ქუდები
მოსავს მომღერალ ნინო ქათამაძესაც. დიზაინი ქართველი დედოფლების
თავსაბურავების მსგავსია. სურს მომავალში თავის ნამუშევრებში
ნატურალური აბრეშუმის ძაფი გამოიყენოს.
როგორც თავად ამბობს, სოფლის მეურნეობის ყველა დარგი ერთ სივრცეში
მოათავსა ისე, რომ საქმე და შესაბამისად, შემოსავალიც ყველა სეზონზე
ჰქონოდა.
ლეილა მამისაშვილი ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრია. ორგანიზაცია ექვსი
წლის წინ შეიქმნა და მას თავდაპირველად მხოლოდ 17 წევრი ჰყავდა.
ქალები სოფლის მეურნეობისადმი თანდათანობით უფრო მეტად ინტერესდებიან,
ამიტომ ახლა მათი რაოდენობა 200-ს შეადგენს. ასოციაცია უზრუნველჰყოფს
ქალების ინფორმირებას, ასევე გაძლიერებას ეკონომიკური კუთხით.
-„თავდაპირველად, ფერმერ ქალთა ასოციაციაში მხოლოდ 17 ქალი იყო
გაწევრიანებული კახეთის 5 მუნიციპალიტეტიდან. დღეს სრულიად საქართველო
მოვიცავით და 200-ზე მეტნი ვართ. ქალი სოფლის მეურნეობაში დიდი ძალაა,
ისინი უფრო რისკიანები არიან. ახალი ტენდენციების დანერგვასაც არ
უშინდებიან. პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან შეიქმნა
სპეციალური თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც მუშოაბას ქალთა
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე რეგიონებში. მივიღეთ რამდენიმე
სარეკომენდაციო წინადადება, რომელსაც მალე გავაჟღერებთ. მიზანი ისაა,
რომ ქალთა ჩართულობა სოფლის მეურნეობაში კარგად იყოს ხელშეწყობილი,
ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მიმართულებაც ესაა.“-ამბობს ფერმერ ქალთა
ასოციაციის თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში შეიცვალა ტენდენცია, რომ სოფლის
მეურნეობა აუცილებლად მამაკაცის საქმეა. ქალები სოფლის მეურნეობის
ყველა დარგში არიან ჩართულები და თავიანთ საქმეს შესანიშნავად
უძღვებიან.
მასალის გამოყენების პირობები