დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში საჯარო სკოლის
მშენებლობისთვის ტენდერი 2018 წელს გამოცხადდება.
აღნიშნულ სოფელში საგანმანათლებლო დაწესებულება 2015 წლის 4 ოქტომბერს
დაიწვა.
როგორც speqtri.ge-სთან დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის
უფროსმა ეთერ დავითაშვილმა აღნიშნა, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად
მიმდინარეობს.
-„ზემო მაჩხაანის სკოლა ოპტიმიზირებულია. რაც დაიწვა, იმ შენობის
გარდა, კიდევ არის სხვა კორპუსი. სასწავლო კორპუსი სოფელ
მირზაანშიცაა. ხანძრიდან 45 დღის განმავლობაში სწავლება ორ ცვლაში
მიმდინარეობდა. ამის შემდეგ გარემონტდა კულტურის სახლის ოთხი ოთახი და
ოთხი კლასი იქ გადავიდა. მოსწავლეებს ტრანსპორტიც ემსახურება.
სასწავლო პროცესს ხელი ერთი დღითაც კი არ შეშლია. მე ხშირად ჩავდივარ
და ადგილზე ვამოწმებ მდგომარეობას.“
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლის პროექტირება
მიმდინარეობს.
-„2018 წელს გამოცხადდება ტენდერი, შესაბამისად დაიწყება სამუშაოები.
სავარაუდოდ, სკოლის მშენებლობას წელი და სამი თვე დასჭირდება ერთი
დასჭირდება. თანხა ჯერ ზუსტად არ ვიცით, რადგან პროექტირება არ
დასრულებულა.“
ზემო მაჩხაანის სკოლაში 2015 წელს ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ეკიპაჟები სხვა
მუნიციპალიტეტებიდანაც გამოიძახეს, თუმცა შენობა მთლიანად დაიწვა.
ცნბოსითვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტო სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის საგანმანათლებლო
დაწესებულებებს რეგულარულად ამოწმებს.
როგორც speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს, მიმდინარე წელს რამდენიმე
ტიპის დარღვევა გამოიკვეთა. კერძოდ: საევაკუაციო გეგმა არ არის
თვალსაჩინო ადგილას განთავსებული, სათადარიგო გასასვლელები
ჩახერგილია, შენობებში არ არის საკმარისი რაოდენობის ცეცხლმაქრი
სისტემები და საშუალებები.
მასალის გამოყენების პირობები