ქალაქ გურჯაანში თბილისი-თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე,
"ახტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტროტუარი დიდი ხანია
ავარიულ მდგომარეობაშია. სტიქიის შემდეგ კი ჩაინგრა და საფრთხეს
უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე მძღოლებს. აღნიშნული
ვითარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მას შემდეგ შეისწავლა,
რაც ამ საკითხით "სპექტრი" დაინტერესდა.
უკვე რამდენიმე თვეა, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე "ახტალის"
მოსახვევთან ტროტუარი ავარიულ მდგომარეობაშია. რამდენიმე კვირის წინ
კი სტიქიის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა აღნიშნულ მონაკვეთს ნიადაგი
გამოაცალა. `სამსახურის გამო ამ გზაზე სიარული ყოველდღე
მიწევს. ეს ადგილი მრავალი თვეა დაზიანებულია, მუდმივად მქონდა შიშის
გრძნობა, რომ არ ჩანგრეულიყო, ახლა კი გავლაც შეუძლებელია, პირდაპირ
გზაზე უნდა გადახვიდე. არადა, ისეთი მოსახვევია, მანქანებისთვის
გვერდის ავლა ძნელია. საღამოობით იმის ალბათობაც არსებობს, რომ
ადამიანმა ორმო ვერ დაინახოს და შიგ ჩავარდეს. მით უმეტეს, თუ აქეთ
ხშირად არ დადის და ამ დაზიანების შესახებ არ იცის. უბრალოდ,
მაინტერესებს, დავიჯერო ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან ვერავინ
ხედავს, რომ სათანადო ზომები მიიღოს?" _ გვითხრა დალი
ჯავშანაშვილმა.
მის აზრს იზიარებს უშანგი ყამბარაშვილი, რომელსაც ყოვლდღე ამ გზით
მანქანით უხდება სიარული და არ გამორიცხვას, რომ შეიძლება
მძღოლებისთვისაც ავარიული სიტუაცია შეიქმნას.
"არსებული დაზიანების შესახებ კარგად ვიცი. საფრთხეს ისიც
წარმოადგენს, რომ შეიძლება ორმო გაფართოვდეს და გზაც დაზიანდეს. გარდა
ამისა, ხშირია შემთხვევა, იმის გამო, რომ შიგ არ ჩავარდეს, ადამიანი
გზაზე გადმოდის და ავარიული სიტუაცია იქმნება. თანაც ისეთი
მოსახვევია, რომ სანამ ახლოს არ მიხვალ, არაფერი ჩანს. ამიტომ
ტრაგედიის რეალური საფრთხე არსებობს," _ გვითხრა უშანგი
ყამბარაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ პრობლემით, მაშინ
დაინტერესდნენ, როდესაც კომენტარისთვის "სპექტრის" ჟურნალისტმა
მიმართათ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახლადდანიშნულმა გამგებელმა
აღნიშნული ტერიტორია იქამდე დაათვალიერა, ვიდრე ოფიციალურ კომენტარს
გააკეთებდა. მისი თქმით, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში აუცილებლად
გადაიჭრება.
"მინდა გითხრათ, რომ ამ სამუშაოს შესრულება საგზაო ფირმას
ეკისრება, რომელსაც თელავი-ბაკურციხის გზის მაგისტრალზე
პასუხისმგებლობა აქვს აღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გვქონდა
მათთან კონსულტაციები, მივაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენი მოთხოვნები
წარვუდგინეთ. მათგან ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს
მომავალში გადაიჭრება. შესაბამისი ტექნიკოსები, სპეციალისტები
შეისწავლიან ამ ადგილს და იმის მიხედვით გაკეთდება
ყველაფერი," _ გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით
მესხიშვილმა. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდებარე ტერიტორია გასულ
წლებშიც დაზიანდა. იმ პერიოდშიც პრობლემა მაშინ მოგვარდა, რაც
აღნიშნული საკითხით "სპექტრი" დაინტერესდა.
მასალის გამოყენების პირობები