გურჯაანში „პაპას ბაღის“ ტერიტორიაზე 54 კვადრატული მეტრი 10-წლიანი
იჯარით გასხვისდა. საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
პროტესტი მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გამოხატა, მათ შორის იყო
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.
პროექტის თანახმად, იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე ატრაქციონები,
კაფე-ბარი და სხვა გასართობი საშუალებები მოეწყობა.
„გაკეთდება „კარუსელები“, ზოგი ფასიანი, ზოგიც უფასო იქნება,
დაიდგმება ჩოგბურთის მაგიდები, იფუნქციონირებს ბარი-კაფეტერია და
იქნება მუსიკა. ვფიქრობ, ეს გურჯაანელებისთვის აუცილებელი იყო, რადგან
დღესდღეობით ჩვენს ახალგაზრდებს გართობის არანაირი საშუალება არ აქვთ.
იდეა დიდი ხანია გამიჩნდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველაფერი
ფინანსებთანაა დაკავშირებული. ფასები ხელმისაწვდომი იქნება. ვეცდები,
ყველაფერი ამ სეზონზე მოესწროს,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ინდმეწარმე
დავით ლობჟანიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ყვირალაშვილის თქმით, ფართი
აუქციონის წესით უნდა გაცემულიყო.
„მივესალმები, რომ გურჯაანში ახალგაზრდებისთვის ბევრი კარგი რამ
გაკეთდეს. აქ წინააღმდეგობა იყო პროექტის ფორმულირებაზე. თუ პროექტს
საინვესტიციო კუთხით განვიხილავთ, არანაირი შემოსავლების მომტანი არ
არის. 10 ლარად წელიწადში ერთი კვადრატის იჯარით გაცემა, შემოსავლების
ნაწილს ვერ გაზრდის. 540 ლარად გაასხვისო ამხელა პარკი და მით უმეტეს,
პირდაპირი ხელშეკრულებით, ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ
არსებობს,“-აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლოა
ფართი უფრო ხელსაყრელ ფასად გაესხვისებინათ.
„საქმეში შეიძლება სხვებიც გამოჩენილიყვნენ და უკეთესი პირობები
შემოეთავაზებინათ. ჩვენ მოვითხოვეთ პროექტის გადახედვა და აუქციონზე
გატანა, თუმცა საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაგვიჭირა.
ჯობდა, ყოფილიყო 2-წლიანი ვალდებულება. ორი წლის შემდეგ, იქნება სხვა
თვითმმართველობის საკრებულო. თუკი არ გაამართლებს, უკეთეს პროექტს
დაუჭერენ მხარს. იქიდან გამომდინარე, რომ ათწლიანი იჯარით გაიცა, ჩვენ
მომავალ თვითმმართველობას არჩევანის უფლება წავართვით.“
საკრებულოს წევრის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის
თავმჯდომარის ლევან ხაზიურის თქმით, ყველაფერი კანონის ფარგლებში
კეთდება და თუ სხვა მოქალაქესაც ექნება მსგავსი შემოთავაზება, მისი
წინადადებაც გადაიხედება.
„კვადრატული მეტრის წლიური ქირა, ამ ეტაპზე, 10 ლარია. შემდგომში თუ
უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება, შესაბამისად, გამგეობას აქვს
უფლება, თანხა გაზარდოს კიდეც. რაც შეეხება თვითონ პროექტს, ძალიან
კარგია. მოეწყობა ატრაქციონი, ღია კაფე, ნაყინის ჩამოსასხმელი.
მოგეხსენებათ, მსგავსი სიახლეებით არ ვართ განებივრებულები. მე
პირადად, მიმაჩნია, ქირაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი
დადებითად წააადგება ჩვენს მოსახლეობას. რაც ყველაზე მთავარია, ეს
ადამიანი თავის თავზე იღებს ტერიტორიის მოვლას და დასუფთავებას. მან
დაახლოებით ორი წლის წინაც მოგვმართა. მაშინ საიჯარო ქირამ გაცილებით
დიდი თანხა შეადგინა და მან არ მიიჩნია, რომ ინვესტიციის
განხორციელება მომგებიანი იქნებოდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ
დღესდღეობით ახალგაზრდობისთვის გასართობი არაფერი გვაქვს.“
ლევან ხაზიურის თქმით, აუქციონს გარკვეული რისკები ახლავს თან.
„აუქიონში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთის
ჯიბრით თუ რა ვიცი რატომ, ისეთ ვალდებულებებს იღებენ, რასაც ვეღარ
ასრულებენ. ამას მოსდევს სასამართლოები, ჯარიმები და ა.შ. რეალურად
კი, არაფერი კეთდება. აქედან გამომდინარე, თუ სხვა მოქალაქეს რამის
გაკეთების სურვილი გაუჩნდება, „პაპას ბაღი“ საკმაოდ დიდია და გვაქვს
საშუალება იმ ადამიანსაც გადავცეთ ანალოგიური ფართი ამავე
პირობით.“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება პროექტის დაწყებას, როგორც ლევან ხაზიური ამბობს,
მოიჯარეს ამის საშუალება გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ
ექნება.
მასალის გამოყენების პირობები