ვაჩნაძეანელები კულტურის სახლის გასხვისების თაობაზე ხელმოწერებს აგროვებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძეანის კულტურის სახლი
აუქციონის წესით გაიყიდება. ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს
ადგილობრივი მოსახლეობა.
როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მიმდებარე ტერიტორიაზე
შინმოუსვლელთა პარკის მოწყობა სურთ. ამისთვის ასი ძირი კვიპაროზი უკვე
დარგეს.
„ეზო უნდა დარჩეს სოფლის საკუთრებად, მოსახლეობის აზრი ასეთია.
გადაწვეტილი გვაქვს, შინმოუსვლელთა პარკი გავაკეთოთ. სოფელს ომში
დაღუპული ორი გმირი ჰყავს-ერთი სამაჩაბლოში და მეორე - აფხაზეთში.
გარდა ამისა, ვაჩნაძეანიდან სამამულო ომში 257 ბიჭი დაიღუპა. გვინდა
მათი სახელობის თითო ხე დავრგოთ და დანარჩენ ტერიტორიაზე მინი
სპორტული მოედნები მოვაწყოთ. ამით სოფლის ახალგაზრდობა გამოცოცხლდება
და გასართობიც ექნება.“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ვაჩნაძეანის
მკვიდრმა ილია ლაშქარაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი კულტურის სახლი აუქციონზე გაიყიდება, ეს სოფელთან
შეთანხმებით უნდა მოხდეს და მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად არ უნდა
გასხვისდეს.
„ვინც ამ შენობას შეისყიდის, რა თქმა უნდა, ეზოც ენდომება, რომელსაც
სოფელი არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს. ეზოს ნაწილი სოფლის
საკუთრებაში უნდა დარჩეს, იქ არავის შევუშვებთ, ნაწილი კი, 20 მეტრის
სიგანის ტერიტორია, შეიძლება, ინვესტორის მფლობელობაში გადავიდეს. ეს
მარტო ჩემი კი არა, სოფლის აზრია. 2015 წლის შემოდგომაზე ამის შესახებ
ოფიციალური წერილით მივმართე გამგებელს გია გერგიძეს. მომივიდა
პასუხი, რომ მოსახლეობის აზრი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,
თუკი გადაწყდება, რომ ეს ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანონ.
ვნახოთ, ეს საკითხი როგორ მოგვარდება. “
ილია ლაშქარაშვილის თქმით, უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება,
რომელსაც გურჯაანის გამგეობას სავარაუდოდ ორშაბათს, 18 აპრილს
წარუდგენენ.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა
განაცხადა, ვაჩნაძეანის კულტურის სახლის პრივატიზაციის საკითხი
საკრებულომ უკვე განიხილა.
„გამგეობამ საკრებულოს უკვე მისცა თანხმობა, რომ კულტურის სახლი
საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდეს. მიმდინარეობს კანონით
გათვალისწინებული პროცედურები. ამის შემდეგ გამგებელი გამოსცემს
ბრძანებას და გამოცხადდება აუქციონი. პირობები მას შემდეგ გახდება
ცნობილი, რაც გამგებელი ბრძანებას გამოსცემს. ეს კი, ალბათ, უახლოეს
მომავალში მოხდება.“-აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაჩნაძეანში კულტურის სახლი 1989 წელს საზეიმო
ვითარებაში გაიხსნა და მხოლოდ 3-4 წელი იფუნქციონირა. ამ დროისთვის
შენობა ამორტიზებულია და როგორც ადგილობრივები ამბობენ, დემონტაჟს
ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები