ქოროღლიშვილის ქუჩაზე განთავსებული სანიაღვრე არხის რკინის ცხაური
უკვე დიდი ხანია დაზიანებულია.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ამის გამო მძღოლებს სერიოზული
პრობლემები ექმნებათ.
"სანიაღვრე არხი ჩვენს ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ გააკეთეს. მას
მაღლიდან რკინის ცხაური აქვს დაფარებული, რომელიც რამდენჯერმე
დაზიანდა. ამ წუთას ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ტრანსპორტს გავლა
უჭირს. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მანქანა ჩავარდა. მოძრაობა
განსაკუთრებით იმ მძღოლებისთვის არის რთული ვინც ამ ქუჩაზე პირველადაა
და დაზიანების სესახებ არ იცის."-გვითხრა ლევან ბარბაქაძემ.
მისივე თქმით, ცხაური რამდენჯერმე შეაკეთეს, მაგრამ მალევე
დაზიანდა.
"როგორც ვიცი, ორჯერ გააკეთეს, მაგრამ უხარისხოდ. ვთხოვთ ადგილობრივ
ხელმძღვანელობას, ვისი პრეროგატივაც არის, დროულად მოაგვარონ
პრობლემა. კარგი იქნება, თუ წინა გამოცდილებას გაითვალისწინებენ და
ისეთ მასალას შეარჩევენ, რომელიც გარკვეულ სიმძიმეს გაუძლებს და ერთ
თვეში კიდევ არ გახდება გასაკეთებელი."
პრობლემის შესახებ საუბრობენ მძღოლებიც.
"გურჯაანელი არ ვარ. ამ ქუჩაზე შემთხვევით მოვხვდი. იმდენად გვიან
შევნიშნე, დაზიანება, რომ დამუხრუჭება ძლივს მოვასწარი. ისე ჩავარტყი
იამკაში, მეგონა მანქანას "კარდანი" გასძვრა. ვისაც ამის აღდგენა
ევალება ხომ უნდა იფიქროს მძღოლების უსაფრთხოებაზე."-ამბობს თამაზ
ჩუბინიძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას
მივმართეთ. როგორც ჩვენთან საუბარში გამგებლის მოადგილემ დიმიტრი
კალატოზიშვილმა განაცხადა, ამ პრობლემის თაობაზე მოსახლეობას
ოფიციალურად არ მოუმართავს. არსებული სიტუაცია მათთვის ცნობილია და
შესაბამის ზომებს მიიღებენ.
"ქოროღლიშვილის ქუჩაზე არსებული ლითონის ცხაური სავალ ნაწილზე
ნამდვილად დაზიანებულია. ჩვენ ის გასულ წელსაც შევაკეთეთ. თავის დროზე
ეტყობა კონსტრუქციულად არასწორად არის გაკეთებული და ამიტომ ხშირად
ზიანდება. დეკემბერში ვაპირებდით მის აღდგენას, მაგრამ მოგეხსენებათ,
წლის ბოლოს თანხები ყველაფერზე უკვე გაწერილი იყო და ვეღარ
მოვახერხეთ."
მისივე თქმით, მოკლე დროში ცხაურის აღდგენა უფრო ხარისხიანი მასალით
მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები