ინგა ბიტარაშვილი
წლების წინ გურჯაანში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2003 წლის 7 მარტს აუქციონის წესით ზურაბ ფერიშვილმა შეიძინა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნული ობიექტის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ მშენებლობის გაგრძელებისთვის მფლობელმა ხელახალი ნებართვა უნდა აიღოს, ან მოახდინოს მისი კონსერვაცია.
გურჯაანში ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს, წესით სასტუმრო უნდა ყოფილიყო, თუმცა მშენებლობა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ამ დრომდე დაუსრულებელია. რებილიტირებული `პაპას ბაღისა~ და ახლადგაკეთებული სკვერის ფონზე ათსართულიანი შენობა ნებისმიერი გამვლელისთვის თვალშიმოსახვედრია.
`სპექტრი~ შეეცადა გაერკვია მიიღებს თუ არა დასრულებულ სახეს აღნიშნული ობიექტი უახლოეს მომავალში. ინფორმაციისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს გიორგი პეტრუზაშვილს მივმართეთ. როგორც მან გვითხრა, სასტუმროს შენობა მისი მუშაობის პერიოდში არ არის გაყიდული და ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. "ამ ობიექტზე არაფერი ვიცი. ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია," _ გვითხრა გიორგი პეტრუზაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, რომ სასტუმროს შენობა ეკონომიკის სამინისტრომ 2003 წლის 7 მარტს აუქციონის წესით გაყიდა, რომელიც ზურაბ ფერიშვილმა შეისყიდა და ამ დრომდე მის საკუთრებაში რჩება.
გურჯაანის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მშენებარე ობიექტი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამიტომ საჭიროა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ საკითხს სათანადო ყურადღება მიაქციოს. "შენობა ქალაქის ცენტრშია, მაღალია და თითქმის ყველა მხრიდან მოჩანს. ასე უფუნქციოდ დარჩენილი ქალაქს აუშნოვებს, მით უფრო ეხლა, როდესაც აქვე მშვენიერი სკვერი გაიხსნა. თუ მფლობელს მშენებლობის გაგრძელება არ შეუძლია, იმას მიყიდოს, ვისაც საამისო ფინანსები გააჩნია. ამ საკითხის დარეგულირება, ალბათ ადგილობრივი ხელმძღვანელობის პრეროგატივაა," _ გვითხრა გურჯაანში მცხოვრებმა ლარისა ბახტურიძემ.
ამ მოსაზრებას მოზარდებიც იზიარებენ. 17 წლის მარიამ შვანგირაძე `სპექტრთან~ საუბარში ამბობს, რომ თუ მშენებლობა გაგრძელდება, მათი თანატოლებისთვის ძალიან სასიხარულო იქნება. "მიტოვებული შენობაა, ხშირ შემთხვევაში მე და ჩემს თანატოლებს საღამოს საათებში აქ გავლის შეგვშინებია, რადგან შიგნიდან ნასვამი ადამიანების ყვირილი ისმოდა. თუმცა, დღესდღეობით ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდება თუ მიხედავენ," _ გვითხრა მარიამმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია იაგანაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ შენობა კერძო საკუთრებაშია და ის ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას ხელს უშლის, აუცილებელია მფლობელს გარკვეული სანქცია დაეკისროს.
რა საჯარომო სანქციებია მიტოვებული შენობის მესაკუთრეებზე და დაეკისრება თუ არა ზურაბ ფერიშვილს ჯარიმა, ამასთან დაკავშირებით `სპექტრი~ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ყვირალაშვილს ესაუბრა. "სასტუმროს შენობა აუქციონზე ზურაბ ფერიშვილმა იყიდა. ეს მშენებარე ობიექტი ქალაქის ცენტრშია და რა თქმა უნდა, მისი უფუნქციოდ დარჩენა არ არის კარგი. ჩვენ მფლობელს უკვე გავუგზავნეთ მიწერილობა, სადაც აღნიშნულია, რომ მან მშენებლობის გაგრძელებისთვის ხელახალი ნებართვა უნდა აიღოს, ან მოახდინოს მისი კონსერვაცია. ის არც ერთს აკეთებს და არც მეორეს. ასეთ შემთხვევაში მფლობელს ეკისრება ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, თუმცა ბატონი ზურაბის დაჯარიმება ჯერ არ მომხდარა, რადგან მას გადაწყვეტილების მისაღებად 2010 წლის ბოლომდე აქვს ვადა. დაველოდოთ ამ დროს და შემდეგ ალბათ შესაბამის საჯარიმო სანქციას გავატარებთ," _ გვითხრა გიორგი ყვირალაშვილმა და იქვე განმარტა: `ჯარიმის გადახდა არ გულისხმობს იმას, რომ მშენებლობა იგივე სიტუაციაში დარჩეს. ასეთ შემთხვევაში მოხდება შენობის დემონტაჟი.~
`სპექტრი~ ამ ობიექტის მფლობელს ზურაბ ფერიშვილს დაუკავშირდა. სამწუხაროდ, მესაკუთრემ ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვაზე მოკლედ და კონკრეტულად გვიპასუხა: "ეს არის ჩემი პირადი კომერციული საიდუმლოება". გურჯაანელები კი იმედოვნებენ, რომ ამ ობიექტის მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება და ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი შენობა შეემატება.
მასალის გამოყენების პირობები