დღეს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ „კახეთის ეკონომიკური
ფორუმი - 2022“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რეგიონში
მოქმედი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილი იყო
ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა -
გაყიდვა.
კახეთის ეკონომიკურ ფორუმზე მოწვეულები იყვნენ საქართველოში
აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის
წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი
თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები.
პანელურ სესიაზე, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, რეგიონის
ეკონომიკური მდგომარეობისა და პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია
წარადგინა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, კახეთის ეკონომიკური
ფორუმი მიზნად ისახავს პანდემიის დასრულების შემდეგ, დარგის
სტიმულირების, გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით, კახეთის
ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის
მიწოდებას, რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, რეგიონში
მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისა და მეწარმეების საქმიანობის
პოპულარიზაციას, ასევე, ერთიანი საგამოფენო პლატფორმის შეთავაზებასა
და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო აუდიტორიისათვის
გაცნობას.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“-ს
ხელმძღვანელი, ვალერ შოშიაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს,
რომ რეგიონის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს სახელმწიფოს მხარდაჭერა
იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელიც უკავშირდება რეგიონში
ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ადგილობრივი წარმოების პროტექციონიზმს,
ინფრასტრუქტურისა და ფინანსური შუამავლობის განვითარებას.
„საქართველოს მთავრობის, კახეთის სახელწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციის და თვითოეული მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობითა და
ხელშეწყობით კახეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020-2021 წლებშიც მაშინ, როდესაც
პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, კახეთის
რეგიონში მაინც იგრძნობოდა ახალი ეკონომიკური მიზიდულობის ადგილების
გაჩენა. რისი უამრავი მაგალითიც არსებობს. არ გაჩერებულა ტურისტული
დანიშნულების ადგილების შექმნა. სწორედ პანდემიის წლებში გაიხსნა და
ექსპლუატაციაში შევიდა ისეთი მაღალი დონის სასტუმროები, როგორიცაა -
თელავის მუნიციპალიტეტში - ლეჩური სპა რეზორტი, ართვაინი, ზუზუმბო სპა
რეზორტი, გურჯაანში ამპელო, ლაგოდეხში - როიალ პალასი, ყვარელში -
ნეკრესის მამულები. სასტუმროების პარალელურად, გაიხსნა უამრავი
შატო და მარანი, რომელთაც მომხმარებლის განსაკუთრებული სეგმენტი
ჰყავთ. ასევე, რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა შუამთის ტურისტული
კარბიჭე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახეთის რეგიონი
წელგამართული ხვდება ტურისტულ სეზონს.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან
ვალერ შოშიაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის ადგილმდებარეობა, კერძოდ, თბილისთან
სიახლოვე და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საერთო საზღვარი,
განაპირობებს კახეთის სატრანსპორტო არტერიის როლს და ქვეყნებს შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის კარგ საფუძველს ქმნის.
„კახეთი გამოირჩევა სოფლის მეურნეობით. Საქართველოს ამ მხარეში
უდიდესი მოთხოვნაა ყურძენსა და ღვინოზე. ფერმერების დიდი ნაწილი
ორიენტირებულია ღვინის წარმოებასა და გაყიდვაზე.
ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომელიც შეიძლება ვიღაცას
ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, კახეთის რეგიონს აქვს
უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითია ზეთისხილის გაშენება,
რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე. სამაცივრეების
ახალი ბიზნესი, რომელიც ასე აქტუალურია კახეთში, ბოლო ხანებში
ლოგიკურია, რომ სწრაფად მზარდი საქმიანობაა. Სამაცივრეები
უზრუნველყოფს პროდუქტს გრძელვადიან, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო
შენახვას. და რაც მთავარია, კახეთი გახდა ხილის მწარმოებლებისათვის და
ექსპორტირებისათვის მიზიდულობის ცენტრი.“ -გვეუბნება ვალერ
შოშიაშვილი.
ცნობისთვის, კახეთის ეკონომიკური ფორუმი კახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის,
მუნიციპალიტეტების ჩართულობითა და დანიშნულების ადგილის მართვის
ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“ - ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები