დარგის სპეციალისტების თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში
ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე-ფქვილის, რის გამოც
იმპორტიორები პირდაპირ ფქვილს ყიდულობენ.
მთავრობა ირწმუნება, რომ დღეს პურის გაძვირების
წინაპირობა არ არსებობს და, სავარაუდოდ, არც მომავალში იარსებებს.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგია, ამასთან
ივლისში საქართველო ხორბლის საკუთარ მოსავალსაც აიღებს.
„საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს
ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ
ხორბალს უკვე ავიღებთ და შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი
არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი
პოლიტიზებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,"-აღნიშნა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის
ინფორმაციით, ქვეყანაში ფქვილის 2 თვის მარაგი გვაქვს და თვის ბოლომდე
პურის ფასი არ შეიცვლება.
„გავრცელებული ინფორმაცია წისქვილების გაჩერების შესახებ, არ
შეესაბამება სიმართლეს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ფქვილი
არის ძალიან ძვირი.
გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ახლა ვიმყოფებით ხორბლის აღების
წინა პერიოდში და ბუნებრივია, მას ახასიათებს მცირე გაურკვევლობა. არა
მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოში, ემზადებიან ძველი ნაშთის ათვისებისა
და ახალი მოსავლის დასაბინავებლად, ასე რომ, საგანგაშო არაფერია.
ასევე მაქვს სასიამოვნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარშანდელთან
შედარებით, წელს ხორბლის მოსავლიანობა 20-25%-ით მეტია. ფქვილის
გარკვეული რაოდენობა მასიურად შემოდის რუსეთიდანაც,“ -აცხადებს
speqtri.ge-სთან საუბარში საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის
თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე.
აღნიშნულ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობენ პურის მცხობელები. გურჯაანში
არსებული ერთ-ერთი საცხობის მეპატრონე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს,
რომ ფასის ზრდის გამო, ხალხი პურს სახლში აცხობს და ეს ცვლილება
შესამჩნევია.
მისივე თქმით, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ საქართველოში ფქვილის
მარაგი მართლაც ამოწურულია.
„ძალიან ცუდი სიტუაციაა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს, უცნობია, თუმცა
ამბობენ, რომ რუსეთიდან ელოდებიან მარაგის შემოსვლას. ამ ეტაპზე,
ფქვილს საწყობიდან შეზღუდული რაოდენობით გვატანენ.
ბაზარზე იშვიათია კერძო მესაკუთრე, ვისაც თავის ხარჯებით მოჰყავს
ხორბალი. თან ისეთ ფასში ყიდის, რომ ჩვენ ვერ შევწვდებით.
როგორც მომწოდებლები ვარაუდობენ, კილოგრამი ხორბლის ფასი შესაძლოა 2
ლარამდე გაიზარდოს.“
საცხობებში ფასების ცვლილება უკვე დაფიქსირდა. ზოგან თუ ფასმა
მოიმატა, ზოგიერთ თონეში პურის ღირებულება 90 თეთრია, თუმცა, როგორც
მცხობელებმა პირად საუბარში აღნიშნეს, ამის შესაბამისად წონაც
შემცირებულია.
მასალის გამოყენების პირობები