საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა
საქართველოში დაფუძნებული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა
ასოციაციის მიზანია ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრის
დივერსიფიცირება.
ბიზნესგაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელია კომპანია „ფრუტელიას“
დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე
ასოციაციაში 20-მდე კომპანია გაერთიანდება, თუმცა ასოციაცია ახალ
წევრებსაც მიიღებს.
„ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოდან ხილის ექსპორტის
ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ბაზრების
დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობაა. ამ ეტაპზე
არსებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ასოციაციის შექმნა
გადავწყვიტეთ, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა ერთობლივი მუშაობის
შედეგად, არსებული გამოწვევების გაანალიზება, დამუშავება და გადაჭრა
შევძლოთ.
დღეისათვის ხილის და ბოსტნეულის ექსპორტიორებისთვის მთავარი საკითხი
ბაზრების დივერსიფიკაციაა.
საქართველოს ხილის ექსპორტის 80%-მდე რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული,
ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამ
მხრივ ყველა ექსპორტიორმა ინფორმაცია ერთმანეთს უნდა გაუზიაროს, რათა
გამოსავალი ერთად მოვძებნოთ. ასოციაციამ უნდა შეძლოს ახალი ბაზრების
მოძიება და ექსპორტიორების დახმარება.
ასევე არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაზეც შემოსავლების სამსახურთან
ვმუშაობთ. არსებობს სხვა მიმართულებები, რომლებიც სხვადასხვა
უწყებასთან კოორდინაციით გადაჭრას საჭიროებს“, - განაცხადა ვახტანგ
ბეჟიტაშვილმა BM.GE-სთან საუბარში.
ბეჟიტაშვილის თქმით, საქართველოსთვის ალტერნატიულ ბაზრებს დღეს
ევროკავშირი, არაბული ქვეყნები და ყაზახეთი წარმოადგენენ.
„სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის ათვისების
გამოცდილება. მათ შორის „ფრუტილიას“ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ
აქტუალურია ხილის და ბოსტნეულის ევროპაში, მათ შორის პოლონეთში,
რუმინეთსა და ბულგარეთში გატანა.
ყაზახეთი აქტუალური ქვეყანაა, ასევე არაბული ქვეყნები, სადაც
ლოგისტიკის საკითხი არის მოსაწესრიგებელი“, - აღნიშნა დავით
ბეჟიტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები