ბანკებმა შესაძლოა გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალი აპატიონ-
აღნიშნული ცვლილებების პროექტი პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა.
ინიციატივა ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" ეკუთვნის. ფრაქციის
წევრმა დავით ონოფრიშვილმა პარლამენტში კანონპროექტის თაობაზე
განმარტებები გააკეთა.
მისი განცხადებით, ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება,
გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან,
ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებული შიდა კრიტერიუმების
დაკმაყოფილების შემთხვევაში.
პროექტის ინიციატორის განმარტებით, ეს შესაბამისი საგადასახადო
შეღავათების დაწესების მეშვეობით გახდება შესაძლებელი.
"არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტების მიერ,
ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ან უიმედო ვალად
აღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების
შემთხვევაში, ნაპატიები სესხი კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას
ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით, ბანკები ამ გადასახადისგან
გათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას
მოახდენს. კანონპროექტით, სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირება ხდება და
კომერციულ ბანკებს უფლება ენიჭებათ საკუთარი, შიდა კრიტერიუმების
მიხედვით, ფიზიკურ პირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები
ჩამოაწერონ", - განმარტა დავით ონოფრიშვილმა.
როგორც speqtri.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და
ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ განუცხადა,
ვალების ჩამოწერა ბანკების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და
კანონმდებლობით ამის იძულება არ მოხდება. "ინიციატივა მიზნად
ისახავს საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება. სესხს, რომელსაც
ბანკი ჩამოწერს მოქალაქეს, ავტომატურად აღიქმება, საჩუქრად
საგადასახადო კოდექსის თანახმად., მას ერიცხება 20%-იანი საშემოსავლო
გადასახადი. ინიციატივა მიზნად ისახავს, რომ ბანკებმა არ გადაიხადონ
ეს 20%. დავუშვათ, ვიღაცას აქვს სესხი 1000 ლარი, თუკი ბანკი
გაათავისუფლებს უიმედო ვალისგან, ორგანიზაცია სახელმწიფოს აღარ
გადაუხდის 200 ლარს. რამდენად იქნება ამ ცვლილების შედეგი
თვალშისაცემი, ამის ცალსახად თქმა რთულია. უფრო დეტალურად რომ
გავეცნობი ამ კანონპროექტის შინაარს, შევძლებ უკეთესად ვიმსჯელო.
თუმცა იმის მტკიცება, რომ ათეულ ათასობით ადამიანს, ბანკი
ვალდებულებებს ჩამოაწერს, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მე არ მინდა
მომხმარებლებს მივცე ზედმეტი იმედი, რიმ ცვლილების შემდეგ ყველა ბანკი
მათ არსებულ ვადაგადაცილებას აპატიებს, ეს ასე არ მოხდება. ამის
შესრულება ყველა ვარიანტში ბანკების კეთილ ნებაზე იქნება
დამოკიდებული. კანონმდებლობით ამის იძულება ვერ
მოხდება."
გიორგი კეპულაძის ინფორმაციით, იურიდიულად, სესხი ხანდაზმულად ითვლება
სესხის დასრულების თარიღიდან სამი წლის გასვლის შემდეგ. "ანუ
თუ 2016 წლის იანვარში ავიღე სესხი, და 2016 წლის დეკემბერში
მთავრდება ვადა, ხანაზმულობის ვადა აითვლება არა მარტიდან, არამედ
დეკემბრიდან. სამი წლის განმავლობაში თუ ბანკმა, ან საფინანსო
ინსტიტუტმა, არ უჩივლა მოქალაქეს სასამართლოში, სამი წლის შემდეგ
ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იქნება. მომხმარებელმა უნდა შეიტანოს
შესაგებელი სარჩელი რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია. ბანკებისთვის
გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს არსებული სესხებიდან ვერამოღებული
თანხების ჩამოწერა, რადგანაც ეს საშემოსავლოთი უნდა დაიბეგროს.
ბანკები არჩევენ, რომ პრობლემური ვალდებულებები გადასცენ მესამე
პირებს, ე.წ. კერძო ამომღებ კომპანიებს, რომლებიც პრობლემური სესხების
მიმართულებით მუშაობენ. ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბანკებს
შეუძლია გამოიჩინონ კეთილი ნება და აპატიონ უიმედო სესხი
მოქალაქეებს."
მასალის გამოყენების პირობები