21 ივლისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას კახეთის რეგიონში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელიც ესწრებოდნენ.
პროგრამა მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ინიცირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. იდეის განსახორციელებლად გასულ წელს შეიქმნა „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“.
თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი მალხაზ შუბითიძე აღნიშნავს, რომ პროექტი უპრეცედენტოა, რადგან დაფინანსების წყარო საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტია.
-"შარშანვე ჩატარდა პირველი კონკურსები, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც პროექტს განახორციელებენ იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში, ასევე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. წელს, 31 მაისს დასრულდა კონკურსის მეორე ეტაპი. გამოვლინდა ორი გამარჯვებული „თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი“, რომლის პასუხისმგებლობის ზონაა: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი და კომპანია „ინნოვა“, რომელიც ამ პროექტს განახორციელებს აჭარის, რაჭის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში“.
მალხაზ შუბითიძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად განუმარტა პროექტის არსი და ის წინაპირობები, რომლებიც პროგრამის დაწყებამდე გამოიკვლიეს. `აღმოჩნდა, რომ ბიზნესის ბრუნვის თვალსაზრისით არსებობს უზარმაზარი დისპროპორცია თბილისსა და მის მიღმა საქართველოს შორის. „განსხვავება თბილისსა და რეგიონებს შორის არის დაახლოებით შვიდნახევარჯერ. იმავდროულად, გვაქვს ძალიან დაბალი პროდუქტიულობის მაჩვენებელი. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნის მონაცემს, ერთი ჰოლანდიელი ფერმერი დაახლოებით, 30-ჯერ მეტს აწარმოებს, ვიდრე - ქართველი. გასაგებია, რომ ძალიან მძიმე 25 წელიწადი გავიარეთ, მაგრამ წარსულის ყურება არაფერს მოგვცემს, ჩვენ გვჭირდება წინსვლა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კვლევის დროს გამოიკვეთა, შიდა პროდუქტის დაბალი კონკურენტუნარიანობაა. დღეს ჩვენ აღმოვჩნდით იმ ამოცანის წინაშე, როცა ქართულმა ბიზნესმა შიდა ბაზარი უნდა აითვისოს, პრაქტიკულად, ქართული ბაზარი არის დაკარგული. პროდუქციის სულ რამდენიმე სახეობა გვაქვს, რომლითაც შეგვიძლია მსოფლიო ბაზარზე თავი მოვიწონოთ, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. გამოკვეთილია საკმაოდ მძიმე ტენდენცია, რომ ფული, რომელიც გამომუშავდება რეგიონებში, იხარჯება თბილისში. ეს გამოწვეულია ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. თუ თბილისი იქნება ცალკე და რეგიონები ცალკე, ვეღარც დედაქალაქი განვითარდება და რეგიონებიც რეგრესისკენ წავა. ეს არის ის გარკვეული წინაპირობები, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა და სწორედ მათ დასაძლევად დამუშავდა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა.“ მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 20 მილიონ ლარს, გათვლილია 26 თვეზე და მოიცავს მთელს საქართველოს, თბილისისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა.“
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე მნიშვნელოვან თეორიულ ცოდნას, რომელიც ყველა ბიზნესის განვითარებას სჭირდება.
-„ეს არის მინიმუმ ერთწლიანი დახმარება, ახალი ცოდნა, გადამზადება და კონსულტაციები ბიზნესის სფეროში. თუ საკონკურსო იდეა შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს და გამარჯვებულად ჩაითვლება, ჩვენ აუცილებლად ჩავრთავთ სოფლის მეურნეობის ცნობილ სპეციალისტებს; თუ იდეა შეეხება მეცხოველეობას, კონსულტაციას გაუწევენ ამ სფეროს ცნობილი სპეციალისტები და ა. შ. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო თანადაფინანსების ფარგლებში გამოყოფს 5 ათას ლარს, თუმცა ითხოვს თანამონაწილეობას ათასი ლარით, თუ ორი პირი გაერთიანდება და შეიქმნება ამხანაგობა, თანადაფინანსების სახით გამოიყოფა 10 ათასი ლარი და თანამონაწილეობა გახდება 2 ათასი, სამი პირის გაერთიანების შემთხვევაში, თანხა გაიზრდება მაქსიმალურ ზღვრამდე - 15 ათას ლარამდე, ხოლო თანამონაწილეობა გახდება 3 ათასი.“
მანამდე კი, აუცილებელი პირობაა ბენეფიციარმა ატვირთოს ბიზნესიდეა საიტზე წწწ.ქარტული.გე.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობისთვის შეზღუდვა არ არსებობს, ბიზნესიდეების კონკურსის ბოლო ვადა 15 აგვისტოა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა გელაშვილმა სოფელ ილიაწმინდაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზადაა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, დროებით საკუთარი ოთახი კოორდინატორს დაუთმოს: `ჩვენი დიდი სურვილია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ამ პროგრამით მაქსიმალურად ისარგებლოს, ამიტომ კოორდინატორს ვასიკო მჭედლიშვილს დავუთმობ ერთ ოთახს, სადაც ნებისმიერ დროს შეეძლებათ მიბრძანდნენ და სასურველ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღონ.” ამ შემოთავაზებისთვის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის დირექტორმა მალხაზ შუბითიძემ დეპუტატს უღრმესი მადლობა გადაუხადა.
პრეზენტაციის დასასრულს, მოსახლეობამ მათთვის საინტერესო თემაზე მალხაზ შუბითიძეს სხვადასხვა კითხვით მიმართა:
- სად ჩატარდება ტრენინგები?
- ყველა რეგიონში ჩატარდება ტრენინგები, კახეთში, ალბათ, შეირჩევა თელავი, თუმცა თუკი ბევრი გამარჯვებული იქნება თქვენი რაიონიდან, შესაძლოა ტრენინგები ჩავატაროთ სიღნაღშიც. ამასთან ერთად, ჯგუფები იქნება ადაპტირებული, ანუ მემცენარეობის საკითხზე იქნება ერთი ჯგუფი, მეწარმეობაზე ერთი და ა. შ.
- თუკი შეიქმნა ამხანაგობა, ტრენინგს სამივე წევრი უნდა დაესწროს?
- კი, სამივე წევრის დასწრება სავალდებულოა.
- შეიძლება თუ არა ამხანაგობაში გაერთიანდეს ოჯახის წევრი?
- ამის აკრძალვა პროექტის მიხედვით არ არსებობს, თუმცა თუკი თქვენ ამხანაგობას ქმნით ბიზნესის განვითარებისთვის, უმჯობესია პარტნიორად შეარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ბიზნესში გამოგადგებათ.
- მაქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მაღაზია, შემიძლია თუ არა ამისთვის მაცივარი შევიძინო?
- ჩვენ არ ვაფინანსებთ მშენებლობისა და რემონტის ხარჯებს, მაცივარი არის მოწყობილობა. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მოითხოვოთ ნებისმიერი სახის იარაღები და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც თქვენი ბიზნესის წარმატებისთვისაა საჭირო. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი თანამონაწილეობის ხარჯვა აითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებაზე მოაწერთ ხელს.
- მეორადი მოწყობილობის ან ჩინური წარმოების იარაღების შეძენა თუ შეგვიძლია?
- კი, თუკი პროექტით დაასაბუთებთ, რომ ეს თქვენი ბიზნესისთვის მომგებიანია, შეზღუდვა არ არსებობს.
- შესაძლოა, რომ მანქანა შევიძინოთ?
- მანქანის შეძენას არ დავაფინანსებთ, თუმცა ტრაქტორის ან მისაბმელის ყიდვა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუკი, ამ ტრანსპორტით სხვას მოემსახურებით და ფინანსურ სარგებელს ნახავთ.
წნორში, სოფელ ილიაწმინდასა და ჯუგაანში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი და მოადგილე ბერდო ასანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები