კახეთში ფერმერები, საზამთროს რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვენ.
მათი თქმით, საზამთროს ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დაბალი ფასი აქვს, ექსპორტზე კი, ვერ გააქვთ. მოსავალი კრედიტებით მოიყვანეს და თუ დროზე არ მოხერხდა პროდუქტის რეალიზაცია,სესხის დაფარვასაც ვერ შეძლებენ. სახელმწიფო კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ყველაფერი რიგზეა და ბაღჩეული კულტურების რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის 20 ივლისის მონაცემებით, გამარტივებული საბაჟო რეჟიმით ექსპორტირებულია 50 ტონა საზამთრო და ნესვი.
"ბაღჩეული კულტურების ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ზრდადია მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც. ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, რაც ასევე ხელს უწყობს რეალიზაციის მასშტაბების ზრდას",-განაცხადეს სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში 2015 წელს ზოგადად უხვმოსავლიანობა, გარდა ხელშემწყობი კლიმატური პირობებისა, სწორი სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის შედეგია (მათ შორის, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების დამონტაჟება, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი).
"სახელმწიფო თავად ვერ გახდება რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ექსპორტიორი ან ფასის განმსაზღვრელი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შექმნილია ყველა პირობა, რათა ექსპორტის პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს",- ვკითხულობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქართველოს თურქეთსა და უკრაინასთან თავისუფალი, ხოლო დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთან შეღავათიანი ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ევროკავშირთან მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული რეჟიმი (DCFTA), რაც გულისხმობს საქართველოდან ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თავისუფალ შეღწევას ევროკავშირის ბაზარზე.
მასალის გამოყენების პირობები