შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტისთვის 1 000 000 ლარი განისაზღვრება
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტებში ცვლილებები განახორციელა.
მათივე ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ოპტიმიზაცა, ფერმერული მეურნეობების გამსხვილება, ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება.
სამინისტროს ცნობით, პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად, 2015 წლის იანვრიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს (ნაცვლად დღეისათვის არსებული 8 კომპონენტისა) ექნება შემდეგი ფინანსური პროდუქტები:
შეღავათიანი აგროკრედიტი ორი კომპონენტით: შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის; შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის. ასევე, შეღავათიანი აგროლიზინგი და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დადგენილი იყო სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები. პროექტის ოპტიმიზაციის ფარგლებში, საბანკო სესხებზე შემცირდა წლიური საპროცენტო განაკვეთები და მათი ზედა ზღვრები განისაზღვრა შემდეგნაირად:
საბრუნავი საშუალებებისთვის: 20 000 ლარიდან – 10 000 000 ლარამდე სესხებზე (სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე) წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები დადგინდა 10%-დან 15%-მდე.
ძირითადი საშუალებებისთვის: 12 000 აშშ დოლარიდან – 600 000 აშშ დოლარამდე (სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე) წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები დადგინდა 12%-დან 15%-მდე.
სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრების შემცირების პარალელურად შემცირდა სააგენტოს თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთებიც და განისაზღვრა შემდეგნაირად: საბრუნავი საშუალებების კომპონენტისთვის - 8%; ძირითადი საშუალებების კომპონენტისთვის - 11%.
შეღავათიანი აგროლიზინგისა და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთები დარჩა უცვლელი: შეღავათიანი აგროლიზინგი - 12%; აწარმოე საქართველოში - 10%.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსხვილი ბიზნესჯგუფების დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტშიც.
გაუქმდა ერთ მიზნობრივ რაიონში განსახილველი პროექტების ჯამური მოცულობის ზედა ზღვარი - 1 000 000 აშშ დოლარი, საიდანაც სააგენტოს მიერ გასაცემი თანადადფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენდა 400 000 აშშ დოლარს. განხორციელებული ცვლილებების შედაგად, ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების მოცულობა გაიზარდა 1 000 000 ლარამდე. ამ ცვლილებით შენარჩუნებულია თანაბარი გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი პროექტით/ებით გათვალისწინებული სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში აღემატება 1 000 000 ლარს, ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა;
გაუქმდა განსახილველი პროექტების ჯამური მოცულობის ზედა ზღვარი - 1 000 000 აშშ დოლარი. განიხილება ყველა ის პროექტი რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 200 000 აშშ დოლარს;
შეზღუდვა იხსნება პროექტის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ 40 რაიონში განხორციელებაზე. პროექტის განხორციელება შესაძლებელი ხდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა - თბილისი, რუსთავი, ქუთასის, ბათუმი, ფოთი. ამავდროულად, რჩება დარგობრივი შეზღუდვა შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე - მეღვინეობა (ღვინის წარმოება), სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება). აღნიშნული შეზღუდვა დარგობრივად დივერსიფიცირებული საწარმოების გახსნას უწყობს ხელს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს რეგიონებში ინვესტიციების სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. შეიქმნება ახალი საწარმოები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
მასალის გამოყენების პირობები