"ქართული ოცნების“ ჩამოხეული პლაკატები გურჯაანში - საქმეში პოლიცია ჩაერთო
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, გურჯაანში,
ნონეშვილის გამზირზე, მათი პარტიის მერობის კანდიდატის არჩილ
ხანდამაშვილის პლაკატები ჩამოხიეს და „ევროპული საქართველოს“
სააგიტაციო მასალა გადააკრეს.
-„ნონეშვილის გამზირზე, ძველი ფოსტის შენობის კედელზე იყო არჩილ
ხანდამაშვილის პლაკატები. გუშინ, დღის მეორე ნახევარში, „ევროპული
საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც თავიანთ სააგიტაციო მასალას
აკრავდენ, ჩვენი პლაკატები ჩამოხიეს. რაც ვერ დააზიანეს, ზედ
გადააკრეს თავიანთი კანდიდატის სააგიტაციო მასალა. ამას შეესწრო ჩვენი
აქტივისტი და პოლიცია გამოიძახა. გადაღებულია ვიდეო და ფოტო მასალა,
რომელიც შესასწავლად პოლიციას გადაეგზავნა. ალბათ, შესაბამის
ადმინისტრაციულ ჯარიმას დაუწერენ იმ ორ ადამიანს, ვინც ეს გააკეთა.
„ქართული ოცნებისკენ“ რომ იშვერდნენ ხელს და ამბობდნენ, სოფელ
ჩუმლაყში პლაკატები დააზიანესო, საინტერესოა ეხლა რას იტყვიან?! ვინ
აკეთებდა ამ ყველაფერს, კარგად გამოჩნდა. დამნაშავეებს ჩვენთან არ
უნდა ეძებდეს „ევროპული საქართველო“, რადგან ძალიან კორექტულად და
სწორხაზოვნად ვატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას,“- აღნიშნა გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილმა.
აღნიშნულ ბრალდებებს speqtri.ge-სთან „ევროპული საქართველოს“ წევრმა
გიორგი ღვინიაშვილმა უპასუხა.
-„ჩვენი პარტიის აქტივისტებმა პლაკატები იმ ადგილას გააკრეს, სადაც
„ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა უკვე ჩამოხეული იყო. მაგ
ტერიტორიაზე უამრავი კამერაა, თუ ჩანაწერს ამოიღებენ, აღმოჩნდება რომ
არ ჩამოუხევიათ. „ქართულ ოცნებას“ ურჩევია, პლაკატებს კი არა, იმას
მიხედოს, თვითონ როგორ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, როგორი
ზეწოლებია სკოლის, საბავშვო ბაღის პედაგოგებზე და სოციალურად
დაუცველებზე. თავის თავს მიხედონ, ასეთ არაობიექტურ არჩევნებს რომ
ატარებენ.“-აღნიშნა მან.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გუშინ
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
-„ მოწმეების მითითებით, გამოვლენილ 2 პირთან გასაუბრების ოქმი
გაფორმდა. დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მოპოვებული
ნივთმტკიცება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცესკო-ს
გადაეგზავნა.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური
სამართალდამრღვევებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებს, თუ აღნშნული ფაქტის
მაიდენტიფიცირებელ მასალას წარუდგენენ, რადგან ადგილობრივ
თვითმმართველობას გამოძიების კომპეტენცია არ გააჩნია.
ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სააგიტაციო
მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ
ადგილას არ არის განთავსებული, დასჯადია
მასალის გამოყენების პირობები