გურჯაანში საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები 4 სექტემბერს აირჩიეს.
306 პოზიციაზე სულ 503 განაცხადი იყო. სხდომა 4 სექტემბერს ჩატარდა და
მას საოლქო კომისიის 11 წევრი დაესწრო.
საარჩევნო ადმინისტრაციას უნდობლობა გამოუცხადეს ოპოზიციურმა
პარტიებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარის, თემურ ბუწაშვილის განმარტებით, საუბნო კომისიების
დაკომპლექტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინასწარ
შედგენილი სიების მიხედვით მოხდა.
„მთავარი პრობლემა რაც გამოიკვეთა ის არის, რომ საუბნო- საარჩევნო
კომისიებს სუსი ალაგებს. საოლქოში მათ მიერ შედგენილი სიები შევიდა.
ასევე, კომისიის წევრების 90% საჯარო სამსახურში დასაქმებული
მოხელეები არიან, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათზე
ხორციელდება კონტროლი ხელისუფლების მხრიდან. ეს ადამიანები
დირექტირებს იღებენ მმართველი გუნდის შტაბიდან და ის განცხადება, რომ
არიან დამოუკიდებლები ვინმეზე, სრული აბსურდია. შესაბამისად,
კლოუნადა, რომელსაც შერჩევას უწოდებენ, ყველანაირ სამართლებრივ
საფუძველსაა მოკლებული.“
მისივე თქმით, კომისიების დაკომპლექტების პროცესს მათი პარტიის
წევრები გაემიჯნენ.
„ჩვენ მკაცრად გავემიჯნეთ პროცესს, რომლის სცენარიც სუს-შია დაწერილი.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. ეს
არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. თუმცა სამწუხაროდ, მათ ხმა რომც
არ მიეცათ, მაინც ისე იქნებოდა ყველაფერი, როგორც მმართველ გუნდს
უნდა.“
თემურ ბუწაშვილის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები
ძირითადად 11 ხმით არიან დანიშნულნი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა მხარი დაუჭირა,
იმ ადამიანებს, რომლებსაც მმართველი გუნდი იყენებს არჩევნების
გასაყალბებლად, პროცედურული დარღვევებისთვის და ა.შ. საოქლოში ჩვენს
წარმომადგენლებს არავინ არ ზღუდავს. იმედია, ასეთი ფაქტი არც
მომავალში დაფიქსირდება.“
დარღვევაზე საუბრობს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის
კანდიდატი, კობა კუპრაშვილი.
„51 უბნიდან 50-ზე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი „ქართული ოცნების“
წარმომადგენლები არიან. სხვა არჩევნების დროს, მდივანი ან მოადგილე
მაინც ინიშნებოდა ოპოზიციური პარტიიდან. ეს არჩევნების შედეგებზე
აისახება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. წინასაწარ ამაზე საუბარი
არ მინდა.“
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია
ჩუთლაშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მოსაზრებას არ
ეთანხმება და ამბობს, რომ ყველაფერი წესის მიხედვით მოხდა.
„საუბნო-საარჩევნო კომისიებში არინ ის წევრები, რომლებიც 2016 წლის
არჩევნებზე იყვნენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც წელს პირველად
ჩაერთნენ პროცესში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გამოცდილი კადრია და
ისინი არა ვინმეს მოწვდილი სიებით, არამედ კონკურსის წესით არიან
შერჩეულები. არჩევანი გაკეთდა იმის საფუძველზე, ვის რა გამოცდილება
ჰქონდა. ძირითადად, ძველი კადრია, თუმცა არის რამდენიმე ახალიც.
ვთვლი, რომ ეს საჭიროც არის. თუ ახალი კადრი არ ჩაება პროცესში,
გამოცდილი ვერცროდის გახდება.“
მისივე თქმით, საუბნო კომისიის წევრების შერჩევაში, ოპოზიციური
პარტიის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო მონაწილეობა, ამიტომ თერთმეტი
წევრით მოხდა საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა. შერჩევის
დროს იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის“, „ევროპული საქართველოს“
წარმომადგენლები და ერთად გავდიოდით საკითხს. როდესაც ჩვენთან
განცხადება შემოდის, იქ არ ფიქსირდება კანდიდატის სამუშაო ადგილი.
ჩვენ მათი საარჩევნო პროცესში გამოცდილება გვაინტერესებს.“
მისივე თქმით, საუბნო-სარჩევნო კომისიის შიდა არჩევნებში მონაწილეობას
არ იღებს საოლქო კომისია. უბნებზე ხმათა უმრავლესობით ხდება
თავმჯდომარის, მდივნის და მოადგილის არჩევა.
სტატია ქვეყნდება პროექტის
„გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება
შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს”
პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის
შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები