"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიიდან "ქართული ოცნების" კანდიდატობამდე
"ქართული ოცნება" გურჯაანში მერობის კანდიდატად სავარაუდოდ "ლიბერთი
ბანკის" გურჯაანის მმართველს არჩილ ხანდამაშვილს დაასახელებს.
ის speqtri.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე
პარტიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
-"კონსულტაციები კიდევ გრძელდება, ველოდებით პასუხს. გადაწყვეტილებას
თუ მიიღებენ, რომ მე ვარ ის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია "ქართული
ოცნებისთვის", დავთანხმდები."
არჩილ ხანდამაშვილისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსვლის ეს
პირველი მცდელობა არ არის. ის 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების
დროს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიული სიით მეცამეტე
ნომრად წარადგინა, თუმცა თავად, "ენმ"-ს მხარდამჭერად საკუთარ თავს არ
მოიაზრებს.
-"იუმორით ვიტყვი, რომ მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ დამაფასა,
მე-13 ნომრად ჩამსვა და ამიტომ ვერც მოვხვდი საკრებულოში. 1998 წლიდან
საბანკო სისტემაში ვარ, პოლიტიკური აქტივობა თავისთავად შეუძლებელი
იყო, მხარდაჭერას ვერ განვახორციელებდი ვერც ფიზიკურად და ვერც
მორალურად, რადგან 2009 წლიდან "ლიბერთი ბანკის" მმართველი ვიყავი.
დილიდან საღამომდე ბანკში ვარ, ასე რომ ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი
აქტიური. "
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, არჩილ
ხანდამაშვილი "ქართულმა ოცნებამ" გურჯაანის მერობის კანდიდატად
წარადგინოს, საზოგადოების ნაწილმა იმაზეც დაიწყო საუბარი,
რომ გურჯაანში ყოფილი ვიცე- გუბერნატორის, გიორგი სიბაშვილის
არაფორმალური მმართველობა მყარდება. ამ შინაარსის შეტყობინებები
speqtri.ge-მ facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც მიიღო.
ის, რომ ხანდამაშვილი ყოფილი ვიცე-გუბერნატორის კადრია, ამაზე ჯერ
კიდევ 2009 წელს, humanrights.ge აქვეყნებდა სტატიას სათაურით-
"ვიცე-გუბერნატორის კლანი კახეთში". მასში საუბარი იყო, რომ ის
"სახალხო ბანკის" (ახლანდელი "ლიბერთი ბანკი") მმართველად გიორგი
სიბაშვილის გავლენით დაინიშნა. თავად არჩილ ხანდამაშვილი ამ ფაქტს
კატეგორიულად უარყოფს.
-"მე ვარ "ლიბერთი ბანკის" მმართველი და არც ერთ კლანს არ
მივეკუთვნები. გიორგი სიბაშვილი ჩემი ნათესავია, რომელსაც ჰქონდა
რაღაც თანამდებობა, მაგრამ მე ჩემი სამსახური მაქვს. ნათესაური
კავშირი არ ნიშავს იმას, რომ კლანი ვართ. მე მაშინ უკვე
ვმუშაობდი 1500 ლარიან სამსახურში, კერძო ბიზნესი იყო, ლომბარდი
მქონდა ჩაბარებული. შემდეგ დავინიშნე აქ, 400-ლარიან ხელფასზე.
ცოტა სასაცილოა, კლანის წევრები მაღალიდან დაბალ ხელფასიან სამსახურში
რომ ინიშნებიან. ეს ნამდვილად არ შეესაბამებოდა სიმართლეს."
"ქართულ ოცნებას" კანდიდატები ამ დრომდე კახეთის არც ერთ საარჩევნო
ოლქში არ დაუსახელებია. როგორც ცნობილია, წარდგენა საქართველოს
მასშტაბით 25 აგვისტოდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები