მიმდინარე წლის 12 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდა ტრენინგების
ციკლი სიღნაღში, რომლის ფარგლებშიც 24 პოლიტიკური პარტიის 120
წარმომადგენელი გადამზადდა. სემინარები ხუთი ჯგუფისთვის 5 დღის
განმავლობაში მიმდინარეობდა.
ლექციების ციკლი მოიცავდა როგორც თეორიულ კურსს, ასევე პრაქტიკულ
სამუშაოებს. კურსს უძღვებოდნენ ორგანიზაციის მიერ მოწვეული
მაღალკვალიფიციური ტრენერები: ნინო (ნანა) იოსელიანი და რევაზ ეგაძე,
ხოლო ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და
სწავლების ცენტრის კონტრიბუციის სახით ერთ დღეს სემინარს ატარებდა
ტრენერი მამუკა კორაშვილი.
„ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერთ მხარს ამ პროექტს, რამეთუ საჭიროა ყველა
ჩართული მხარის პოლიტიკური მონაწილეობის გააზრების მიზნით, მათი
კვალიფიკაციის ამაღლება. ისინი მზადდებიან არამარტო ეროვნული ჩარჩოს
ფარგლებში, არამედ ეცნობიან საქართველოს საარჩევნო კოდექსს, მთლიანად
ეხებიან საარჩევნო ციკლს, რომელიც მოიცავს ასევე საერთაშორისო
სტანდარტებს.“ - აღნიშნა ტრენერმა ნინო (ნანა) იოსელიანმა.
რევაზ ეგაძის თქმით, სემინარების კურსი, მონაწილეების უნარ-ჩვევების
ამაღლებასა და საარჩევნო პროცესებში მათ ჩართულობას მკვეთრად შეუწყობს
ხელს.
„პროცესი იქნება ბევრად უფრო გამართული და მაღალეფექტიანი,
შესაბამისად, შედეგები - მშვიდობიანი, რასაც ყველა ვესწრაფით ჩვენი
სამშობლოს საკეთილდღეოდ. გარდა უნარებისა, პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა თემატურ, მათ შორის,
კონკრეტულად კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ საკითხებზე.“
ტრენინგების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობების
ჩართულობა არჩევნებში და მათთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა.
გარდა ამისა, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა
კონფლიქტების მართვა, გენდერი, ინკლუზიური არჩევნები, კენჭისყრის
პროცედურები, დამკვირვებლების უფლება-მოვალეობები და ა. შ. თავისუფალი
მუდულის სახით, ორგანიზაცია „მეცენატმა“ შეარჩია თემა: „მედია და
არჩევნები“, რომელსაც უძღვებოდა ორგანიზაციის დირექტორი და გაზეთ
სპექტრის/speqtri.ge/ რადიო ivrisi-ს დამფუძნებელი მაია
ყალაბეგაშვილი.
როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიღებული ცოდნა დადებითად
წაადგება ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებასა და შესაბამისად,
საარჩევნო გარემოს.
„აუცილებელია, მოხდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული კადრის
გადამზადება და საარჩევნო კულტურის ამაღლება. ეს მნიშვნელოვნად
დაეხმარებათ, რომ მიიტანონ კვალიფიციური ინფორმაცია როგორც პარტიის,
ისე არჩევნების შესახებ იმ ადამიანებთან, ვისთანაც აქტიური არჩევნების
პერიოდში უწევთ კონტაქტი.“ - განაცხადა ტრენინგის მონაწილე მამუკა
აჩბამ.
ჯუნა ბასილაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის
ამაღლებას.
„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ცესკოს სასწავლო
ცენტრს და ჟურნალისტთა ასოციაცია მეცენატს, ასეთი მნიშვნელოვანი
პროექტის განხორციელებისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური
პარტიების მიერ წარდგენილი კარდების კვალიფიკაციის ამაღლებას და იმ
საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო
პროცესის ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების
დაცვით ჩატარებისთვის. “
გეგმით გათვალისწინებული აქტივობების გარდა, მესამე ჯგუფის
წარმომადგენლებმა, მამუკა კორაშვილის ინიციატივით, მოინახულეს N13
სიღნაღის საარჩევნო ოლქის როგორც ძველი, ისე ახალი შენობა. გაეცნენ
მის ისტორიას და მუშაობის სპეციფიკას.
ტრენინგებს თან ახლდა კულტურული ღონისძიებებიც. მონაწილეებმა ჩვენი
ინიციატივითა და სიღნაღის ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაციის
მხარდაჭერით უფასოდ დაათვალიერეს იქ დაცული ექსპონატები და რაც
ყველაზე მნიშვნელოვანია, ნიკო ფიროსმანის ორიგინალი ნამუშევრები.
ტრენინგის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა მონაწილე ქეთევან
შანშიაშვილმა ჩააბარა გამოცდები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის
სერტიფიკატიც აიღო. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სიღნაღში
გამართულ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარა
გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.
„მეცენატის“ დირექტორი მაია ყალაბეგაშვილი ამბობს, რომ პროექტი თავისი
შინაარსიდან გამომდინარე, იყო საკმაოდ მასშტაბური და მიზნად ისახავდა
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარების
ხელშეწყობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. „პროექტის
მონაწილეები წარმოადგენდნენ კახეთის ოთხ საარჩევნო ოლქს: გურჯაანი,
საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მეხუთე
ჯგუფში პარტია საქართველომ წარმოადგინა შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ორი პირი. პროექტში არ იყო მათთვის განსაზღვრული თარჯიმანი და
არ გვქონდა ამის ხარჯი, მაგრამ ცესკო-ს საარჩევნო სისტემების
განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა მიიღო დროული
გადაწყვეტილება და გამოგვიგზავნა ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმანი,
რომელიც ხუთი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა სემინარების თარგმანს.
რა თქმა უნდა, პროექტის მანძილზე გვქონდა გამოწვევები, რომელიც ჩვენი
ორგანიზაციის მხრიდან დროულად გადაიჭრა. სემინარების დასრულების
შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. “
შეგახსენებთ, რომ ტრენინგები მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში –
„საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა-თვითმმართველობის
ლეგიტიმური არჩევნებისთვის“. მას ახორციელებდა ჟურნალისტთა ასოციაცია
– საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ცესკო-ს საარჩევნო
სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური
მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები