8 ოქტომბერს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა კახეთის რეგიონში
მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული
ტიპის დარღვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პროცედურული ხასიათის
იყო.
უბნების გახსნისას, ჩატარდა წილისყრის პროცედურები, რომელშიც
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩაერთნენ. მათ მონაწილეობა არ
მიიღეს გადასატანი ყუთის მეთვალყურის შერჩევაში.
საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წილისყრით ფუნქციების
განაწილების პროცედურის დარღვევის თაობაზე საჩივარი N27 თელავის
საარჩევნო ოლქის ექვს უბანზე დაწერა.
N24 გურჯაანის საარჩევნო ოლქის 46-ე უბანზე კი, სწორედ, ამ საკითხთან
დაკავშირებით საჩივარი თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა
შეადგინა. ის მოითხოვდა, რომ კომისიის წევრი, რომელმაც გადასატანი
ყუთის მეთვალყურის შერჩევაში მონაწილეობაზე უარი თქვა, სხვა
ფუნქციების წილისყრაში ჩაერთოთ, რაზეც კომისიის თავმჯდომარისგან უარი
მიიღო.
-„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ გადასატანი ყუთის მეთვალყურის
წილისყრაში მიგვეღო მონაწილეობა, რადგან გვირჩევია უბანზე ვიყოთ და
პროცესებს აქ დავაკვირდეთ. თუმცა, კომისიის თავმჯდომარეს უფლება არ
ჰქონდა სხვა ფუნქციების გადანაწილებისას ჩვენი წარმომადგენლისთვის
უარი ეთქვა. საჩივარიც ამიტომ დავწერე,"- განუცხადა "speqtri.ge"-ს
მარიკა ლაფაჩიშვილმა.
სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის
მე-4 უბნის შედეგების გაბათილება მოითხოვეს, რადგან აქ სხვა უბნისთვის
განკუთვნილი ბიულეტენები შეიტანეს. კერძოდ, ბიულეტენში არ იყო
წარმოდგენილი N5 კანდიდატის, სერგი კაკალაშვილის გვარი და სახელი,
ხოლო ვახტანგ მჭედლიძის ნაცვლად, ეწერა მალხაზ დავითაშვილი.
უმრავლეს შემთხვევაში, გამოიკვეთა ისეთი პროცედურული დარღვევა,
რომელიც ეხება საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსებას, რაზეც არაერთი
საჩივარი დაიწერა.
N23 საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქის მეოთხე უბანზე არასათანადოდ იყო
შევსებული საკონტროლო ფურცელი, კერძოდ ვერ მოხდა პირველი ამომრჩევლის
იდენტიფიცირება;
49-ე კაზლარის უბანზე სკონტროლო ფურცელზე შევსების დრო არ იყო
მითითებული.
აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურა კომისიის მდივანმა სადაიგათ მამედოვამ,
რომელმაც აღნიშნა, რომ თარიღის მითითება შემთხვევით გამორჩათ.
N26 ლაგოდეხი-ყვარლის საარჩევნო ოლქის ახალსოფლის მეცხრე უბანზე
საკონტორლო ფურცელზე არ არის მითითებული პირველი ამომრჩევლის მისვლის
დრო;
ამავე ოლქის მეოთხე უბანზე კი აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ფურცელზე არ
იყო მითითებული პირველი ამომრჩევლის იურიდიული მისამართი.
დამკვირვებლები ერთ-ერთ გავრცელებულ დარღვევად ასახელებენ, უბნების
დაგვიანებით გახსნას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“
კახეთის რეგიონული კოორდინატორი, ზურა მირზიკაშვილი ამის მიზეზად
კომისიის წევრების დაბალ კვალიფიკაციას მიიჩნევს.
-„დარღვევები ძირითად შემთხვევაში იყო პროცედურული ხასიათის, რასაც
განაპირობებდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი
კვალიფიკაცია, ამის გამო, ფერხდებოდა კენჭისყრის პროცესი. ასევე,
საარჩევნო უბნები გაიხსნა გვიან, რადგან წინა დღეს არ ჰქონდათ
გამზადებული შესაბამისი დოკუმენტაცია. ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობა იყო უფრო
დაბალი ხარისხის, ვიდრე დანარჩენ უბნებში. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს
პირდაპირ ცესკო-ს ბრალია, ცესკო ყველასთვის ატარებს ტრენინგს, ვიღაც
კარგად ითვისებს, ვიღაც ნაკლებად. მთავარი ისაა, რომ კადრი სწორად
უნდა შეირჩეს.
ცესკო-მ ალბათ, უნდა იზრუნოს მათ ტესტირებაზე, რათა დარწმუნდეს, რომ
ყველა მისი თანამშრომლის კვალიფიკაცია აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც
მათ სჭირდებათ.“
არჩევნების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უფლებების
შეზღუდვას. კერძოდ, N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე,
„პატრიოტთა ალინსის“ დამკვირვებელზე განახორციელეს ფიზიკური და
ფსიქოლოგიური ზეწოლა და აიძულეს უბანი დაეტოვებინა.
ამავე ოლქის მე-5 უბნის გახსნის შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლებს
არ მიეცათ შესაძლებლობა კენჭისყრის ოთახში შესულიყვნენ და საარჩევნო
პროცესს დაკვირვებოდნენ.
#49 უბანზე კი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს გადაღება
აუკრძალეს. მისი თქმით, კომისიის წევრები აზერბაიჯანულ ენაზე
სხვადასხვა ციფრებს კარნახობდნენ ამომრჩეველს, რაზეც თავმჯდომარეს,
უსუპ კასუმოვს შენიშვნა მისცა.
-"კომისიის თავმჯდომარეს ვუთხარი, ქართულად ისაუბრეთ, რომ ჩვენთვისაც
გასაგები იყოს-მეთქი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. გადაღებაც
ამიკრძალა და მითხრა, კაცი რომ იყო, ვიცი, რასაც გიზამდიო,"- აღნიშნა
ჩვენთან საუბარში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ზამალ
ბიჭაშვილმა.
48-ე თულარის უბანზე ამავე პრეტენზიის საფუძველზე დაწერა საჩივარი
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა,
ნინო თარხნიშვილმა. როგორც მან განაცხადა, კომისიის თავმჯდომარე კაშამ
ნასიბოვი უკრძალავდა გადაღებას, ასევე დამკვირვებლებსა და კომისიის
წევრებს ბეიჯები შებრუნებით ჰქონდათ დამაგრებული და არ აძლევდნენ
წაკითხვის საშუალებას.
ამავე უბანზე დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მოხდა
დაპირისპირება, რისთვისაც დამკვირვებელმა საპატრულო პოლიცია
გამოიძახა.
-"საარჩევნო ყუთები არასწორად იყო დალუქული. კოდები ერთმანეთს არ
ემთხვეოდა. კომისიის თავმჯდომარემ უფლება არ მომცა დარღვევა
დამეფიქსირებინა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა," - განაცხადა
speqtri.ge-სთან საუბარში „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
საზოგადოების“ წარომმადგენელმა ქეთევან შერგილაშვილმა.
მოგვიანებით ქეთევან შერგილაშვილი თავად დაიბარეს პოლიციაში.
საგარეჯოს ოლქის 49-ე უბანზე ანალოგიური პრობლემა დაფიქსირდა.
ძირითადი ყუთის ლუქის ნომრები და ჩანაწერთა წიგნში აღნიშნული ციფრები
ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რაზეც „სამართლიანი არჩევნების“
წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.
ასევე ადგილი ჰქონდა უბნებზე, აგიტაციის ფაქტებს. კერძოდ,
N26 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის პირველ უბანზე გამოკრული იყო ქართული
ოცნების სააგიტაცო მასალა, რაზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.
N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის თულარის #47 უბანზე კაბინაში ეწერა
41.
ლამბალოს 44-ე უბანზე კაბინაში ციფრი 42 იყო შემოხაზული. ამავე უბანზე
დაფიქსირდა დარღვევა, როდესაც ამომრჩეველს ფურცელზე 5-ანი ჰქონდა
მონიშნული. ორივე შემთხვევაში, საჩივარი დაწერა „საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა.
დუზაგრამის #39 უბნის კომისიის წევრებმა, წარმომადგენლებმა და
დამკვირვებლებმა მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის
კაზამფარ მამედოვის წარმომადგენელს, მუბარიზ მამედოვს კენჭისყრის
შენობა დაატოვებინეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფუძველი გახდა ის, რომ მუბარიზ
მამედოვი კენჭისყრის კაბინასთან ხუთი წუთის განმავლობაში იდგა, შემდეგ
უცბად დაიძახა, რომ კაბინაში 41-ა შემოხაზულიო და დაიწყო ყვირილი.
როგორც კომისიის თავმჯდომარე, კიას აბუზაროვი განცხადებაში
განმარტავს, მუბარიზ მამედოვის შემოსვლამდე კაბინაში ეს ციფრი არ
ეწერა.
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის
ეკატერინე კურტანიძის მიერ, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა სპეციალური
სია, გაცემული იქნა 4 ბიულეტენი, სადაც მითითებული იყო მაჟორიტარი
კანდიდატები. წევრები, რომელზეც ბიულეტენები გაიცა, არ იყვნენ ამ
ოლქში რეგისტრირებულები. ამ ფაქტთთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა
ენმ-ს წარმომადგენელმა.
ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც კაბინაში ერთდროულად 2
ამომრჩეველი შედიოდა, თუმცა, საგარეჯოს ოლქის 44-ე უბანზე შეიზღუდა
ამომრჩევლის უფლება, როდესაც მას არ მისცეს ნება შვილი ხმის მიცემისას
დასახმარებლად შეჰყოლოდა. თულარის #43-ე უბანზე მარიამ ჭუმბურიძემ
საჩივარი დაწერა იმის გამო, რომ პიროვნება, რომელიც ერთხელ უკვე
დაეხმარა უსინათლო ამომრჩეველს, რამდენჯერმე შემოიყვანეს სხვა
ამომრჩევლების დასახმარებლად.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების მიუხედავად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს“ წარმომადგენელი, ზურა მირზიკაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი
არ ჰქონია ისეთ დარღვევებს, რაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე
გავლენას იქონიებდა. „მთლიანობაში თუ გადავხედავთ, არჩევნები იყო
მშვიდ გარემოში ჩატარებული და ამომრჩევლის ნების გამომხატველი.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კი, იყო ძალადობის გამომხატველი
ფაქტები, მაგრამ ესეც კი ვერ მოახდენდა გავლენას არჩევნების საბოლოო
შედეგებზე.“
ამავე მოსაზრებას აფიქსირებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“ საარჩევნო პროექტის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი.
-„ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა და ასეთი არაერთი შემთხვევა იყო;
იგივე მარნეულისა და სამეგრელოს ფაქტი, რომელიც ნამდვილად უარყოფითად
შეფასდა ჩვენს მიერ, მაგრამ კონკრეტულად კახეთში მსგავსი შემთხვევები
არ ყოფილა და ძირითადად, მშვიდობიანად ჩამთავრდა საარჩევნო პროცესი.
ის დარღვევები, რაც დაფიქსირდა, არსებით გავლენას ვერ მოახდენს
შედეგებზე, რადგან ძირითადად პროცედურული ხასიათისა იყო.“
ირმა პავლიაშვილი აქვე იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც შემაჯამებელ
პროცედურებს ეხება. „როდესაც ოქმების შესწავლა დავიწყეთ, გარკვეული
პრობლემები გამოიკვეთა, რაც ზოგადად, ოქმების შევსების წესთან არის
დაკავშირებული. რიგ შემთხვევებში, ოქმებზე არ იყო დაფიქსირებული
ბეჭედი და კომისიის წევრების ხელმოწერები.
დაინტერესებული ვართ საოლქო საარჩევნო კომისებმა შეისწავლონ, როგორ
განხორციელდა შემაჯამებელი ოქმების შედგენა, რამ განაპირობა, რომ
რეკვიზიტები არ არის სრულად, განახორციელონ მოკვლევა და ამის
საფუძველზე დააკისრონ დისციპლინური პასუხისმგებლობა.“
ირმა პავლიაშვილის თქმით, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც არასამთავრობო
ორგანიზაციამ გაასაჩივრა- ეს არის ჭარბი ბათილი ბიულეტენები.
-„ ინტრესის საგანს წარმოადგენს ის საკითხი, თუ რა ჩაითვალა ბათილ
ბიულეტენებად და რამ გამოიწვი მსგავსი ტენდენცია. საშუალო
არითმეტიკული რომ გამოვიყვანოთ, თითოეულ უბანზე ბათილი ბიულეტენების
რიცხვი 30-40-ა. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რამ განაპირობა ბათილობის
საფუძველი, ამიტომ ვითხოვთ ოქმების გადათვლას.“
11 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე ცნობილია ყველა უბნის შედეგები.
კახეთის 6 ოლქში პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს,
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ). თუმცა, 50
პროცენტიანი ბარიერი მმართველმა პარტიამ მხოლოდ 25-ე ოლქში
გადალახა.
პროცენტულად შედეგები ოლქების მიხედვით ასეთია:
23 საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქი:
ქართული ოცნება -47,7 %
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) - 26,04%
პატრიოტთა ალიანსი - 13,36 %
24 გურჯაანის მაჟორიტარული ოლქი
ქართული ოცნება 44,42 %
ენმ - 32,95 %
პატრიოტთა ალიანსი -4,8%
25 სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარული ოლქი
ქართული ოცნება - 53,66 %
ენმ - 25,87 %
პატრიოტთა ალიანსი -5,48 %
26 ლაგოდეხი -ყვარლის მაჟორიტარული ოლქი
ქართული ოცნება - 41,25%
ებმ -30,31 %
თავისუფალი დემოკრატები -10,68 %
27 თელავი-ყვარლის მაჟორიტარული ოლქი
ქართული ოცნება - 39,92 %
ენმ - 35,13 %
პატრიოტთა ალიანსი - 5,77 %
28 ახმეტის მაჟორიტარული ოლქი
ქართული ოცნება - 45,62%
ენმ - 32,6%
პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის- 5,29 %
რაც შეეხება მაჟრიტარული არჩევნების შედეგებს, კახეთში საბოლოო
გამარჯვებული მხოლოდ სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში გამოვლინდა. აქ 53,
66%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი ლიდერობს.
დანარჩენ ოლქებში კი გამარჯვებულის ვინაობა მეორე ტურის შემდეგ
გახდება ცნობილი, რადგან 50 % ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
პირველ ადგილზე ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია,
მეორეზე კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პროცენტულად შედეგები ოლქების მიხედვით ასეთია:
23 საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქი:
რომან მუჩიაშვილი, ქართული ოცნება -46,79 %
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) -
24,88%
ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი 19,39 %
24 გურჯაანის მაჟორიტარული ოლქი
დავით სონღულაშვილი - ქართული ოცნება 43,46 %
გიორგი ღვინიაშვილი - ენმ - 32,11 %
ნათია გიორგაძე -პატრიოტთა ალიანსი -5,83 %
25 სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი შილაშვილი -ქართული ოცნება 54,7 %
ლევან ბეჟაშვილი - ენმ - 27,38 %
ანა ალავერდაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -5,1 %
26 ლაგოდეხი -ყვარლის მაჟორიტარული ოლქი
გურამ მაჭარაშვილი- ქართული ოცნება - 37,08 %
გურამ კაკალაშვილი - ებმ -23,58 %
ვახტანგ მჭედლიძე -თავისუფალი დემოკრატები -15,34 %
27 თელავი-ყვარლის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი სესიაშვილი - ქართული ოცნება 41,62 %
გიორგი ბოტკოველი - ენმ - 35,39 %
ვანო გალახვარიძე - პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის - 5,68
%
28 ახმეტის მაჟორიტარული ოლქი
გელა სამხარაული - ქართული ოცნება - 47,23 %
შაქრი ტერტერაშვილი - ენმ - 32,32 %
ზურაბ ნაცარაშვილი -პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის- 6,84
%
საქართველოს სარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური 2
ნოემბრამდე უნდა დაინიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები