საგარეჯოს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გურჯაანის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა.
ეკონომიკური განვითარების პროექტები, დასაქმება, შრომითი უფლებები და
საგარეო პოლიტიკა- ეს ის საკითხებია, რომლის ირგვლივაც კანდიდატებმა
მოწვეული ფასილიტატორის ზურა მირზიკაშვილის დასმულ შეკითხვებს
უპასუხეს.
დებატებში მონაწილეობის შეთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის
ცხრა კანდიდატმა მიიღო, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ სამი გამოცხადდა.
„პატრიოტთა ალიანსიდან“ ნათია გიორგაძე, ”ეროვნული ფორუმიდან“
ბესარიონ ჩუგოშვილი და „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“-
გიორგი ხაზიური.
-„შეხვედრის მიზანია, რომ მოსახლეობას საშუალება მიეცეს,
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ხედვებს გაეცნოს. მივესალმებით,
რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია იყოს ჩართული კონსტრუქციულ
დიალოგში და მხოლოდ ქუჩის აქციებით არ შემოიფარგლონ. მსგავსი ტიპის
შეხვედრებზე შესაძლებლობა გვაქვს დავუსვათ კითხვები მათი კომპეტენციის
ფარგლებში. ზოგადად, ხშირად ისეთ დაპირებებს ვისმენთ, რაც მათი
კომპეტენციის ფარგლებს სცდება. ამ შეხვედრებისას ეს მინიმუმამდეა
დაყვანილი.“ -აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს“ კახეთის რეგიონალულმა კოორდინატორმა ზურა
მირზიკაშვილმა.
შეხვედრა საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში გაიმართა.
„ამ დებატების მიზანი ისაა, რომ მაჟორიტარმა კანდიდატებმა
თავიანთი საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ
მოსახლეობასა და მედიას. ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, რომ
ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“- განმარტა საგარეჯოს
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორმა ქეთი
სიბაშვილმა.
დებატების ფორმატით, კანდიდატებს ზემოთ აღნიშნულ თითოეულ საკითხზე
სასაუბროდ ხუთი წუთი ჰქონდათ.
„მსგავსი შეხვედრები სასიამოვნოა იმიტომ, რომ თავს იყრიან
ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იმას ნიშნავს, რომ
აზრთა გაზიარება მაღალ დონეზე ხდება. ჩვენ ვართ „ეროვნული ფორუმი“,
ეროვნული ძალა, ჩვენ ვიყურებით მომავლისკენ, იქით რომ ხვალინდელი დღე
უკეთესი იყოს.“- განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატმა
ბესარიონ ჩუგოშვილმა.
მეორე ბლოკში კითხვის დასმის საშაულება დამსწრე საზოგადოებასაც
მიეცა.
„ძალიან პროდუქტიული იყო დღევანდელი დღე. უკეთესი იქნებოდა
ყოფილი და არსებული ხელისუფლების კანდიდატებსაც მიეღოთ მონაწილეობა.
ფაქტობრივად, ჩევნ საქმე მათთან გვაქვს. ჩვენი პრობლემა ძირითადად ის
არის, თუ რა მდგომარეობაშია ხალხი და ეს ვისი ბრალია.“-
აღნიშნა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა გიორგი
ხაზიურმა.
სამივე კანდიდატისთვის პრიორიტეტული სოციალური, ინფრასტრუქტურული
საკითხები, და უმუშევრობაა.
„შეხვედრა ნამდვილად კარგი იყო, პროდუქტიული და
მრავლისმომცველი, ამიტომაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. დიდ პატივს ვცემ
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს“, მათ ფილიალი აქვთ თელავშიც, სადაც
ხშირად მიწევს ტრენინგებზე სიარული“- გვითხრა „პატრიოტთა
ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატმა ნათია გიორგაძემ.
დებატებს არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები,
სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები