დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად გურჯაანში 14 კანდიდატი იბრძვის,
მათგან 12 კაცი და 2 ქალია.
ქართულ პოლიტიკაში არსებულ გენდერულ დისბალანსზე საუბრობს „პატრიოტთა
ალიანსის“ გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატი, ნათია გიორგაძე.
„ქართულ პოლიტიკაში გენდერული უთანასწორობა ნამდვილად
შეინიშნება. სასურველია, აღნიშნულ პროცესში, მეტი ქალი იყოს ჩართული.
საზოგადოების მიდგომა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ცალსახაა.
შემიძლია, მაგალითიც მოგიყვანოთ. სხვადასხვა პარტიიდან მქონდა
შემოთავაზება, ერთ-ერთმა ლიდერმა დაუფარავად მითხრა, შენ უკვე გაქვს
ერთი დიდი ნაკლი- ქალი ხარო. მიდგომა უნდა შეიცვალოს. ქალები ბევრად
უკეთესი მსმენელები, გულისხიმერები და სამსახურზე კონცერტრირებულები
ვართ. ვისურვებდი, მეტი ქალი იყოს ქართულ პოლიტიკაში. მინდა აღვნიშნო,
რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც კახეთის რეგიონში
დეპუატატობის კანდიდატად 3 ქალი ჰყავს წარდგენილი“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს თამარ ბაწაშვილი, რომელიც
გურჯაანში კენჭს იყრის პარტიიდან, „დავით თევზაძე-საქართველო
მშვიდობისთვის“. მისი თქმით, პოლიტიკაში წარმატების
განმსაზღვრელი არა სქესი, არამედ საქმის კეთების სურვილია.
„ქართულ პოლიტიკაში გენდერული უთანასწორობაა. აქ
მეტნაკლებობაზე კი არ მაქვს აქცენტი, არამედ ხარისხზე. ქალი ოდითგანვე
სახლში მოიაზრება, ვიდრე პოლიტიკაში. ვფიქრობ, ეს მიდგომა
შესაცვლელია. ჩვენ უფრო სხარტი აზროვნების უნარი გვაქვს, შეგვწევს
ძალა სიტყვა ვთქვათ სახელმწიფოს დონეზე. აქ მთავარი მონდომებაა. თუ
ჩვენი საქმის პროფესიონალები ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება.
იმისთვის რომ, დეპუტატობის კანდიდატმა გამარჯვება მოიპოვოს, სქესი
განმსაზღვრელი არ არის. აქ მთავარია ცნობადობა, მონდომება, საქმის
კეთების სურვილი და გამოცდილებაა“.
გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ დავით
სონღულაშვილი ფიქრობს, რომ რაც უფრო დაცული იქნება გენდერული ბალანსი
პოლიტიკაში, მით უკეთესია სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად.
„ვფიქრობ, დღეს ამ მხრივ მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით
ბევრად გამოსწორებულია. მიმაჩნია, რომ ქალსა და კაცს თანაბარი
შესაძლებლობები აქვთ იმისთვის, რომ პოლიტიკაში წარმატებას
მიაღწიონ“.
„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანის მაჟორიტარი
კანდიდატი გიორგი ხაზიური მიიჩნევს, რომ თუკი, პოლიტიკურ გაერთიანებას
კანდიდატებად ქალები არ ჰყავს წარდგენილი- ეს პარტიის ნაკლია.
„ქალი ყოველთვის თავის სიმაღლეზეა და პოლიტიკაშიც
მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მივესალმები საკანონმდებლო ორგანში
გენდერული კუთხით ძალთა თანაბარ გადანაწილებას. ვფიქრობ, პარტიებმა
მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა წარადგინონ რომ ის ქალია, არამედ,
პროფესიონალიზმის გათვალისწინება უნდა ხდემოდეს“.
ყველა სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მომხრეა „რესპუბლიკური
პარტიის“ მაჟორიტარი კანდიდატრი, ზვიად ყვირალაშვილი.
"ჩვენ მომხრე ვართ, ქალები მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო
პოლიტიკაში, არამედ მართვაში, ბიზნესსა და ყოვედღიურობაში, არა – მეტი
ქალი „კუხნაში“. იმისათვის, რომ ადამიანმა
წარმატებას მიაღწიოს, მნიშვნელობა არ აქვს ქალია, თუ კაცი, მთავარია,
იყოს ჩამოყალიბებული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხედვა ჰქონდეს,
ფიქრობდეს ქვეყნის მოდულაციის განვითარებაზე და საქმეზე იყოს
ორიენტირებული“.
პოლიტიკური პარტიის ლიდერების ამ შეფასებების მიუხედავად,
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“
წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის პროგნოზით, შესაძლოა, 2012 წლის
პარლამენტთან შედარებით, 2016 წლის საკანონმდებლო ორგანოში უფრო
ნაკლები ქალი იყოს წარმოდგენილი.
„როდესაც პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ქალებს, ეს ხშირად
ხდება იმიტომ, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ილუზია შეიქმნას.
პარტიები თვალის ასახვევად, სიის პირველ ათეულში ასახელებენ ქალებს,
შემდეგ რიგებში კი, ისინი საერთოდ აღარ გვხვდებიან. ამ თემაზე
პარტიების სპიკერების მოსაზრებებს გავეცანი. ისინი ამბობენ, რომ
გენდერული საკითხის ცალკე საკითხად გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავენ.
მათთვის ეს ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა. ამ შემთხვევაში საქმე
გვაქვს ინფორმაციის ნაკლებობასთან. როდესაც პარტიები 90-იანი წლების
მსგავს, გზავნილებს ავრცელებენ, გამოდის, რომ მათ ამ თემაზე
კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. როდესაც საქართველოში მოსახლეობის
ნახევარზე მეტი ქალია, კითხვის დასმაც არ უნდა სჭირდებოდეთ, რატომ
უნდა იყვნენ წარმოდგენილები თანაბრად საკანონმდებლო
ორგანოში“.
ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის
დასარეგულირებლად, კვოტირების შემოღება აუცილებელია.
„სავალდებულო კვოტირების შესახებ არაერთი ინიციატივა
არსებოდა, მაგრამ პარლამენტმა დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღო.
კვოტირება არაერთმა ქვეყანამ აღიარა წარმომადგენლობით ორგანოში
თანასწორობის მიღწევის ეფექტურ გზად. თუ პარტია წარადგენს ქალთა
გარკვეულ რაოდენობას, ის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს. თუმცა, ვფიქრობ,
ეს საკმარისი არ არის“.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების
მხოლოდ 12% მოიპოვეს. ამჟამად, საკანონმდებლო ორგანოში გენდერული
ბალანსის მიხედვით, 185 ქვეყნიდან საქართველო 115-ე ადგილს იკავებს.
როგორ შეიცვლება ვითარება ამ მხრივ, 2016 წლის 8 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს.
მასალის გამოყენების პირობები