22 აგვისტოს გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა
თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიის ექვს-ექვსი წევრი აირჩიეს. ამ
პირებს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, ისინი ამბობენ, რომ კომისიები
„ქართული ოცნების“ აქტივისტებით და არაკომპეტენტური კადრით
დაკომპლექტდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიმონ ქოჩორაშვილი.
-„როგორც საოლქო საარჩევნო, ისე საუბნო კომისიებიც „ქართული ოცნების“
მხარდაჭერებით დაკომპლექტდა. ამაზე ჩვენმა პარტიამ ცენტრალური
ტელევიზიებითაც გააკეთა განცხადება. ყველა საქმის კურსშია,
ფაქტობრივად, ხელისუფლებამ აქედანვე დაიწყო არჩევნების გაყალბება. არ
შეიძლება საოლქო კომისიის ყველა წევრმა ზუსტად ერთნაირი
გადაწყვეტილება მიიღოს და ერთი და იგივე ადამიანს მისცეს ხმა. სწორედ
ამიტომ, ჩვენმა პარტიამ, ქვეყნის მასშტაბით, ბოიკოტი გამოუცხადა
საოლქოში გამართულ არჩევნებს, მათ შორის გურჯაანშიც. ის პირები,
რომლებიც საოლქომ საუბნო კომისიებში ჩასვა, სერტიფიცირებულები არ
არან, ისეთი ხალხია, არჩევნებში ხმა აქამდე საერთოდ რომ არ მიუციათ.
მათ არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და ამას ხალხი რვა ოქტომბერს
კარგად დაინახავს.“
კომისიების დაკომპლექტებასთან დაკვშირებით პრეტენზიები აქვს გურჯაანის
მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი
ღვინიაშვილს, „ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება
ოპოზიციას. თავისთავად, როდესაც ხელისუფლების კანდიდატებთან
შეხვედრაზე ფიქსირდებიან კომისიის წევრები, კარგად ჩანს, რომ მათ
კომპეტენცია არ გააჩნიათ. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,
რომ კომისიებში თავიანთი აქტივისტები ჩაესვა. თითქმის ყველა სოფელში
„ქართული ოცნების“ კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაზე საუბნო
კომისიის წევრებიც ჩანან, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. ეს
სჭირდებათ იმისთვის, რომ რამენაირად რვა ოქტომბერს გამარჯვება
მოიპოვონ.“
ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა უპასუხა. მან ამ განცხადებებს
აბსურდული უწოდა. „საუბნო კომისიის 13-მა წევრმა იმუშავა, როგორც
დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფებში. ჩვენ შეგვექმნა წარმოდგენა მათ
შესახებ. სხდომა გაიმართა 22 აგვისტოს და დასწრება ნებისმიერ მსურველს
შეეძლო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც აკვირდებოდა ამ
პროცესს. ჩვენ არ გვყვავს საუბნო კომისიის არცერთი წევრი, რომელსაც
საოლქო კომისიის 10-11- მა წევრმა მაინც არ დაუჭირა მხარი. ამასთან,
მინდა დავაფიქსირო, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბოიკოტი
გამოაცხადეს და ხმა არავისთვის მიუციათ. ეს განცხადებები საფუძველს
მოკლებულია, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიების წევრებისა
და საოლქოს წარმომადგენლების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები
თითქმის ერთმანეთს დაემთხვა. კანდიდატები რომ მხოლოდ 7 ხმით
გასულიყვნენ და არა მეტით, მაშინ ეჭვის საფუძველი ნამდვილად
იქნებოდა.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნისა და მელაანის საუბნო
კომისიის წევრებს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია
„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიტანა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „29
აგვისტოს, 17:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში,
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის
წინასარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ #35 საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრები: ანზორ დათუნაშვილი, მერი მესხიშვილი, ქეთევან
დათუაშვილი.
ამავე დღეს, 18:00 საათზე, სოფელ ჩალაუბანში, დავით სონღულაშვილის
ამომრჩეველთან შეხვედრას დაესწრნენ #34 საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრები: ზაალ საგინაშვილი და დიანა ნათიძე.“
არასამთავრობო ორგანიზაციამ კომისიას აღნიშნული შეხვედრების ამსახველი
ფოტომასალაც მიაწოდა.
როგორც გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწვდილი
ინფორმაციიდან ირკვევა, ხუთივე პირი საოლქო საარჩევნო კომისიამ
დანიშნა და არა რომელიმე პარტიამ.
საარჩევნო კოდექსის 45-ემუხლის, მეოთხე პუნქტის თანახმად, კომისიის
წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის
უფლება არ აქვს. "სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ ზემოთ აღნიშნულ
ორივე შემთხვევაში კომისიის წევრებმა კოდექსი დაარღვიეს.
არასამთავრობოო რგანიზაცია ითხოვდა, აღნიშნულ პირებს დაეკისროთ
პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსის 79-ე და 93-ემუხლებით,
წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარევით მონაწილეობისთვის. საარჩევნო
კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ქმედება 2 000- ლარიანი ჯარიმით
ისჯება.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული საჩივარი უკვე
განიხილა და არ დააკმაყოფილა. კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის
განმარტებით, 29 აგვისტოს ეს ადამიანები ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ
უფლებამოსილ პირებს. აღნიშნული მიზეზის გამო, საოლქო საარჩევნო
კომისიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები