"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016" დაიწყო. ოფიციალური გახსნის
ცერემონია მარნეულის ათა ჰოლდინგ ცენტრ-საქართველოს სპორტულ დარბაზში
გაიმართა.
ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ
ხეჩიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია
გიგაური და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორი პაატა
ხიზანიშვილი დაესწრნენ. შეჯიბრი მთელი საქართველოს მასშტაბით
ტარდება და ყველა რეგიონის საჯარო სკოლების გუნდები მიიღებენ
მონაწილეობას.
განაცხადი ოლიმპიადაში ჩართვის თაობაზე გურჯაანის საგანმანათლებლო
რესურცენტრმა უკვე გააგზავნა. "როდის ჩაერთვება გურჯაანის რაიონი,
ამაზე ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია. ელექტრონული წესით წერილი უკვე
გადავაგზავნეთ და 10 აპრილამდე გვაქვს ვადა განაცხადი ბეჭდვური სახით
სამინისტროს მივაწოდოთ. ამის შემდეგ უკვე მოგვივა შეტყობინება ზუსტ
თარიღზე." - აღნიშნა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა
დალი მინდიაშვილმა.
2016 წლის ოლიმპიადაში 1 200 სკოლის 5 000-ზე მეტი გუნდი და 60 ათასი
მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით
უპრეცედენტოა. შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015
წლიდან ტარდება.
პროგრამა დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავს შიდა
სასკოლო შეჯიბრებებს სკოლების ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად და
ტარდება სპორტის სახეობების მიხედვით; მე-2 ეტაპი არის მუნიციპალური
შეჯიბრებები და მე-3 რეგიონული. რაც შეეხება მე-4 ეტაპს, ეს არის
ოლიმპიადის ფინალური თამაშები, რომელიც ანაკლიის მომავლის ბანაკში
გაიმართება.
ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგ სახეობებში: მინი ფეხბურთი (ვაჟები);
კალათბურთი (გოგონები, ვაჟები); მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები);
გარბენი, იგივე კროსი (გოგონები, ვაჟები); ხელბურთი (გოგონები,
ვაჟები) ;ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები); ბადმინტონი
(გოგონები,ვაჟები); მოძრავი თამაშები-მხიარული სტარტები;
სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა.
მასალის გამოყენების პირობები