მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოში არსებული 2000-მდე წყარო,
ონკანის წყალთან შედარებით, მოსახლეობა უპირატესობას სწორედ წყაროს
წყალს ანიჭებს.
თუმცა ხშირად, მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებითაა სავსე,
მოსახლეობისთვის კი არც ისაა ცნობილი ვინ და რა პერიოდულობით
ახორციელებს კონტროლს.
86 წლის ბერდო ღრუბელაძე უკვე 66 წელია, რაც ქალაქ გურჯაანში ვაჟა
ფშაველას ქუჩაზე "ვაშლების წყალთან" ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს,
გარდა უბნისა, წყაროს წყლით სარგებლობს ქალაქის ძირითადი
მოსახლეობაც.
" ეს წყარო ჩვენი წინაპრების გაკეთებულია. "ბასეინები" ზემოთ, პარკის
თავშია. რეგულარულად ვასუფთავებდით, მაგრამ ეხლა ორი წელიც იქნება, არ
ავსულვართ. ადრე ლაბორატორიიდან იყვნენ, სინჯი აიღეს. როგორც თქვეს,
საშიში არაფერიაო. იმედია ნამდვილად ასეა, რადგან მარტო გურჯაანისა კი
არა, სხვა სოფლის ხალხიც აქ მოდის. არაშენდის და ქოდალოს მცხოვრებლები
ამ გზით სარგებლობენ. ისე არ აივლიან, რომ "ბალონებით" წყალი არ
გააყოლონ. ეზოში ქალაქის წყალიც მოგვდის, მაგრამ მას მხოლოდ
გასარეცხად ვიყენებთ."
წყაროს მიმდებარე ტერიტორია ბოთლებით და პოლიეთილენის პარკებით არის
დანაგვიანებული. ამავე უბნის მკვიდრი თემურ ჯავშანაშვილი ამბობს, რომ
ტერიტორიას უბნელები მუდმივად ასუფთავებენ, მაგრამ ისევ
ბინძურდება.
"ბასეინი" დალუქულია და სუფთად არის. რაც შეეხება თვითონ წყაროს,
მეზობლები ვასუფთავებთ, მაგრამ ხალხი ისევ აბინძურებს. ბოთლი
გაუტყდებათ აქ აგდებენ, პარკი გაეხევათ და იმასაც აქ ტოვებენ.
რამდენჯერმე შენიშვნაც მივეცი, მაგრამ ამის გულისთვის ვინმეს ხომ ვერ
გაველანძღვინები?! "ვაშლების წყლით" მთელი გურჯაანი სარგებლობს.
შემოწმებით იშვიათად ამოწმებენ. ალბათ, ორი წელიც იქნება არავინ
მოსულა. ონკანის წყალს დასალევად კი არა, საჭმლისთვისაც არ ვიყენებთ.
ამბობენ დასალევად არ ვარგაო."
ქალაქ გურჯაანში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლზე ააიპ-ი გურჯაანის
მუნიციპალიტეტის ნიადაგის წყალმომრაგებისა და დასუფთავების წესების
დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური ზრუნავს. როგორც ჩვენთან საუბარში
სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნანა ზირაქაშვილმა განმარტა,
მოქმედი წყაროებიდან სინჯების აღება რეგულარულად ხდება.
"გურჯაანში გვაქვს "ვაშლების", "ახტალის", "ბეზარაანთი", "ნატოს" და
"ბელახევის" ორი წყარო. "ახტალის" და "ვაშლების წყლიდან" სინჯებს
ყოველთვე ვიღებთ, იმის გამო, რომ მათ ბევრი მომხმარებელი ყავს. რაც
შეეხება დანარჩენებს, მათი შემოწმება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით
გრძელდება. წლების წინ იყო შემთხვევა, რომ ახტალის და ვაშლების წყლის
ხარისხი ოდნავ გაუარესდა. ვაშლების წყალს მაშინ მექანიკური მინარევი
მოჰყვებოდა. სინჯის აღების შემდეგ, გაირკვა, რომ წყალში ნაწლავის
ჩხირი იყო. გამოიკვლიეს ტერიტორია და მოაწესრიგეს შემკრები. ეს
დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა . მას შემდეგ არანაირი პრობლემა აღარ
ყოფილა. რაც შეეხება ახტალის წყაროს, მისი შემკრების გაწმენდა
ყოველწლიურად ხდება. წყაროების ხარისხის გაუარესება ბუნებრივი
მოვლენაა, რადგან ზედაპირული წყალია. ჩვენ ასევე ვაკონტროლებთ ტრასაზე
არსებულ წყაროებსაც."-აღნიშნა მან.
ახტალის წყალს სასმელად მუდმივად იყენებს ქეთო ზარდიაშვილი. როგორც
თვითონ ამბობს, უკვე წლებია ონკანის წყალი აღარ დაულევია.
"წლების წინ ონკანს რამდენჯერმე ქვიშა ჩამოჰყვა. როდესაც ჭურჭელში
ვიღებდი, ლექს იდებდა. ამიტომ უკვე რამდენიმე წელია, ყოველდღიურად
წყალს ახტალიდან ვეზიდები. სასმელადაც ვიყენებ და საჭმელშიც იმას
ვხმარობ. არ ვიცი წყაროს წყალი რამდენად უსაფრთხოა, მაგრამ ქალაქის
წყალს ის მირჩევნია."
"ქალაქის წყლები ყოველდღე იქლორება, ხოლო შემოწმება გრაფიკით ხდება.
ყველაფერი ნორმის ფარგლებში კეთდება. მოსახლეობას შიშის არანაირი
საფუძველი არ აქვს."-აღნიშნა ნანა ზირაქაშვილმა.
რა სიხშირით იწმინდება სათავე ნაგებობები და რამდენად უსაფრთხოა
ონკანის წყალი მოსახლეობისთვის? ამ კითხვებით საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დავუკავშირდით. როგორც
ჩვენთან საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
უფროსი ნინო რამიშვილი განმარტავს, წყლის ხარისხი ტექნიკური
რეგლამენტებით დადგენილ ნორმებს შეესაბამება.
"გურჯაანში მოსახლეობას მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება. ის
თავდაპირველად იფილტრება. შემდეგ თხევადი ქლორით იქლორება. ხვდება
რეზერვუარში და ამის შემდეგ ქსელში. ეს არის მუდმივი პროცესი."
ნინო რამიშვილის მტკიცებით, წყლის ხარისხი ყოველდღე ლაბორატორიულად
მოწმდება და არ არსებობს არანაირი საშიშროება, რომ მოსახლეობამ
ონკანის წყალი არ დალიოს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი
ონკანის წყალს არათუ სასმელად, საჭმელშიც კი არ იყენებს, საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ამ თემაზე შემდეგი პასუხი
აქვს: "ეს თვითონ მათ უნდა ჰკითხოთ. მე გეუბნებით რომ წყალი
ხარისხიანია."
მასალის გამოყენების პირობები