საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განაგრძობს რუსული
კანონის შედარებას ფრანგულ და ამერიკულ კანონებთან და ევროკომისიას
აკრიტიკებს იმის გამო, რომ ბევრად მკაცრ კანონს იწონებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ამერიკული კანონი და საფრანგეთის კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიამ
მოიწონა, არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი და როცა
ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება, ჩვენი
კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში,” - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ამგვარი მიდგომა პარადოქსულია.
„როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ მათი კანონი არ არის მსგავსი,
მართალია და რატომ? - მათი კანონი არის უმკაცრესი. მათი კანონი
ითვალისწინებს ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ
პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლებრივ დევნას და უცხოელ აგენტად
შესაბამისი სუბიექტის რეგისტრაციას. უმკაცრესი რეგულაციები აქვთ. ამ
კუთხით არ არის მსგავსი ამერიკული კანონი, ვინაიდან ბევრად უფრო
მაღალი სტანდარტია დადგენილი. იგივე ეხება საფრანგეთს, ევროკომისიის
მიერ მოწონებულ კანონპროექტს. იმ კუთხით არ გავს, რომ ის კანონები
არის ბევრად უფრო მკაცრი. ევროკომისიამ მოიწონა ის და როცა
ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება, ჩვენი
კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში. ევროკომისიამ
უკვე თქვა, რომ მათი კანონი არის კარგი, რომელიც არის ბევრად უფრო
მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი. რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი.
ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი სტრუქტურა ამბობს, რომ ბევრად
უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი
არის ცუდი“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
კანონპროექტს პარლამენის პლენარულ სხდომაზე კენჭი დღეს, 17 აპრილს
უყარეს და პირველი მოსმენით
მიიღეს. 83 ხმა, 0- მოწინააღმდეგე, ასეთია
კენჭისყრის შედეგები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ უკვე
მესამე დღეა, რაც ფართომასშტაბიანი აქცია - "კი ევროპას, არა რუსულ
კანონს!" მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები