დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათიდან პარლამენტში "უცხოური
გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი განიხილება. ოპოზიციონერი
დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს კანონი ანტიქართულია,
რადგან ყოფს მოქალაქეებს, აპირისპირებს და საფრთხეს ქმნის ქვეყნის
შიგნიდან და გარედან.
„ამ კანონით თქვენ ქვეყანას საფრთხეს უქმნით მაშინ, როცა ქვეყნის 20%
ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
როცა გუშინ თქვენ კანონის განხილვას აწყობდით, სამი მოქალაქე
საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა უკანონოდ, საოკუპაციო ხაზიდან.
მაშინ, როდესაც ხმა არ ამოგიღიათ და რუსეთი გეუბნებათ, რომ ერთადერთი
საერთაშორისო პლატფორმა – ჟენევის დისკუსიებია, სადაც ჩვენს
პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენაზე ვზრუნავთ, დღეს გეუბნებათ, რომ ეს ფორმატი უნდა შეიცვალოს
და ის უნდა გავიდეს ევროპის ქვეყნებიდან, ამ მოცემულობაში თქვენ
აძლიერებთ მტრის ინტერესებს.
რუსი იდეოლოგი – დუგინი მაშველ რგოლად მოგევლინათ და
გეუბნებათ, დიახ, ყოჩაღ ბიჭებო, მიდით, მიაწექით, ჩვენც ასე
გავაკეთეთო და აქეთ მხარეს არის დასავლეთი, ნატო, ევროკავშირი,
შეერთებული შტატები, ყველა, ვისაც ვთხოვდით ჩვენ ამდენი ხანი ჩვენი
სუვერენიტეტისთვის მხარი დაეჭირათ, ვთხოვდით, დაგვხმარებოდნენ
კეთილდღეობაში, დაგვეხმარნენ და გვეხმარებიან.
ამ მოცემულობაში თქვენთვის ტოლობის ნიშანი არის ოკუპანტი რუსეთი და
დასავლეთი, რადგან მტრად გინდათ გამოაცხადოთ ჩვენი პარტნიორები,
რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე, როცა რუსეთი ცდილობდა ოკუპირებული
ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა ეწარმოებინა, იდგნენ ჩვენი
სუვერენიტეტის სადარაჯოზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
რომ ყველას გაგვიხარდა, სწორედ ეს არის ევროპა, რომელიც არ დაუშვებს
უსამართლო ჩაგვრას, არ დაუშვებს იმას, რომ ადამიანების ბედი ძალით
გადაწყდეს, რუსული იარაღით.
ამ მოცემულობაში, როცა ტანკი დგას საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან
ოკუპირებული ტერიტორიაზე, ეს კანონი სწორედ არის ჰიბრიდული იარაღი
იმისთვის, რომ ჩამოაშოროს საქართველო ცივიზილიზებულ დასავლეთს“ –
განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 12:00 საათიდან აქციები პარლამენტის შიდა ეზოში
გრძელდება, ხოლო მასშტაბური აქციაა დაგეგმილი 19:00 საათიდან
პარლამენტის წინ.
მასალის გამოყენების პირობები