სამართალი
გურჯაანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ პროკურატურა ძიებას აგრძელებს
გურჯაანელი ახალგაზრდის ლადი ელიკაშვილის განაცხადის საფუძველზე, რომელიც გურჯაანის პოლიციის უფროსს გიორგი კრაწაშვილსა და სხვა სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, პროკურატურა ძიებას აგრძელებს.

ლადი ელიკაშვილის მამა დროში გაწელილ პროცესსა და არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს.
"აქამდე უნდა გამოეძიებინათ და სასამართლო ჩაეტარებინათ. ამ საქმეს ყურადღებას არავინ აქცევს. პროკურორი პოლიციის უფროსის, კრაწაშვილის ძმაკაცია და რა გამოძიებაზეა ლაპარაკი?! ამ საქმეს მაინც არ შევეშვებით, გვეუბნდებოდნენ ახალი წლის მერე იქნება პასუხი და რამდენი ხანიღა უნდა ვილოდოთ."- ამბობს ზაზა ელიკაშვილი.

მისი თქმით, თუკი პროკურატურა სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, ისინი უმაღლეს ინსტანციას მიმართავენ.

საკითხის გარკვევას პროკურატურაში შევეცადეთ. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტეს, საქმეზე ძიება გრძელდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი მეტი ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრეს.

შეგახსენებთ, რომ შსს გურჯაანის რაიონული სამმმართველოს უფროსის გიორგი კრაწაშვილისა და სხვა სამართალდამცველების წინააღმდეგ ძიება გასული წლის ნოემბერში სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google