ინფრასტრუქტურა
რა უჯდება გურჯაანის გამგეობას ცენტრალური ქუჩის გზაგამყოფის დემონტაჟი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 108 ათას 589 ლარი გამოყო ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის ასაშლელად და მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირების მოსაწყობად.
2010 წელს, ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის (გზაგამყოფის მონტაჟი, ტროტუარებისა და ორი წრიულის მოწყობა) 60 ათას ლარამდე გაიხარჯა.
ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა ქალაქის განვითარების გეგმა, რომელშიც ერთ-ერთ პუნქტად განსაზღვრული იყო, ნონეშვილის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ამისათვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა, უშედეგოდ.
"ტენდერის პირობები ასეთი იყო, ნონეშვილის გამზირზე ჯერ უნდა აეღოთ გამყოფი ზოლი, დაგებულიყო ასფალტი და მერე მოხდებოდა საგზაო მონიშვნები. ეს ერთ კომპანიას უნდა გაეკეთებინა. ორჯერ გამოცხადდა ტენდერი და მხოლოდ ერთხელ მიიღეს მონაწილეობა. კომპანიას დახაზვის გამოცდილება არ ჰქონდა და ამიტომ მაშინ ჩვენ ვთქვით უარი."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტმა გია ამისულაშვილმა.

მისივე თქმით, ამჯერად სამუშაოები ერთმანეთისგან გამიჯნეს და ორი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადეს.
"გამოიკვეთა სხვა პრობლემაც. ხარჯთაღრიცხვა 2015 წლის პირველ კვარტალში იყო გაკეთებული, ვიდრე ლარის ინფლაცია მოხდებოდა. ამიტომ ახალი ხარჯთაღრიცხვა გავაკეთეთ. ტენდერი 96 ათას 400 ლარზე იყო გამოცხადებული, ეხლა სამშენებლო სამუშაოებზე 30 ათასი ლარია განსაზღვრული, ხოლო მონიშვნებზე - 78 ათას 589 ლარი."

გია ამისულაშვილის განმარტებით, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე ნონეშვილის გამზირზე მოხდება გზაგამყოფის აღება, მის მიმდებარე ქუჩებზე, ასფალტის საფარის განახლება და ორმოული შეკეთება. გარდა ამისა, გამგეობასთან პანდუსის მოწყობაც არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება მონიშვნებს, პარკინგი მოეწყობა ნონეშვილის, წმინდა ნინოს, თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე. ასევე დაიხაზება ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, 2010 წელს, როდესაც გამგებელი შოთა უტიაშვილი იყო, ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის (გზაგამყოფის მონტაჟი, ტროტუარებისა და ორი წრიულის მოწყობა) 60 ათას ლარამდე გაიხარჯა. ამ ხნის განმავლობაში გზაგამყოფი არაერთი ავარიის მიზეზი გახდა, ამიტომ მოსახლეობა დღემდე მის დემონტაჟს ითხოვს.

| Print |
FaceBook Twitter Google