საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას წლების განმავლობაში სხვა ყოფით საკითხებთან ერთად წყლის და გზის პრობლემაც აწუხებს. როგორც თვითონ ამბობენ, წინა ხელისუფლების დროს ამის შესახებ ხშირად საუბრობდნენ,
თუმცა ადგილობრივი ხელმძღვანელობა ნაკლებად ინტერესდებოდა. ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდებოდა.
იორმურანლოს მაცხოვრებელს ელმან ჰუსეინოვს იმედი აქვს, რომ ახლანდელი დაპირებას ახლანდელი ხელისუფლება მაინც შეასრულებს.
-"არც ერთ სოფელში ნორმალური გზა არ არის. ჯერჯერობით ამაზე სამუშაოებიც არ დაწყებულა, მაგრამ როგორც ამბობენ, სოფლებში ეს პრობლემა მოკლე დროში მოგვარდება. სოფლის კრებაზე ისიც თქვეს, რომ წყალსაც გამოიყვანენ. გვინდა, ეს ყველაფერი დროულად მოხდეს და დაპირება ისევ დაპირებად არ დარჩეს. იმედი გვაქვს, რომ ახალი მთავრობა მაინც გააკეთებს ხალხისთვის სასიკეთო საქმეს. მართალია, წინა წლებში ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ დიდი არაფერი გაუკეთებიათ," _ გვითხრა მან.
სოფლის პრობლემების მოგვარებაზე საუბრობს ლამბალოს მკვიდრი მამედ იბრაგიმოვიც.
-"წინა ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებოდით. სწორედ მაშინ მოდიოდნენ და ხმის სანაცვლოდ ათას რაღაცას გვპირდებოდნენ. ეხლა ხალხში ცოტა იმედი გაჩნდა. კრებაზე ითქვა, რომ გზები გაკეთდება, დენის პრობლემაც გამოსწორდება და სხვაც ბევრი რაღაც შეიცვლებაო. არ ვიცი რამდენად მართალია და სინამდვილეში რას გააკეთებენ, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს. ხალხი იძახის სამუშაოებს მალე დაიწყებენო. ალბათ, ეხლა მაინც გვეშველება რამე," _ გვითხრა მან.
როგორც ლამბალოელი ელხან ხალილოვი აღნიშნავს, სოფლის კრებაზე თვითონაც იყო და მოისმინა, თუ რისი გაკეთება იგეგმება.
-"გზა, წყალი, სანიაღვრე არხები, ეს არის ჩვენს სოფელში გასაკეთებელი. მართალია სკოლის პრობლემაც უკვე წლებია გვაწუხებს, მაგრამ ისიც თქვეს, რომ მოკლე დროში აშენდებაო. თვითონ განათლების მინისტრი იყო მოსული და იმან გვითხრა. ამ ყველაფერს თუ მართლა გააკეთებენ, ძალიან კმაყოფილები ვიქნებით. ხალხი ადამიანურად შეძლებს ცხოვრებას. ამ დროში ასეთი პრობლემები, რაც ჩვენს სოფლებშია, ალბათ არსად აღარ არის," _ გვითხრა მან.
სპექტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას 2013 წლის "სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში" იორმუღანლოს თემის სოფლებში დასახელებული პრიორიტეტების ნუსხა და ხარჯთაღრიცხვა მოსთხოვა. როგორც ჩვენთან საუბარში პრესსამსახურმა განმარტა, ამ დროისთვის მონაცემები არ აქვთ, რადგან მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები