ზაფხულის სიცხეების დადგომისთანავე მოსახლეობაში იმატა ქვეწარმავლით დაკბენის შიშმა. როგორც ჩვენთან საუბარში საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს თემის სოფლების მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გასულ წლებთან შედარებით ქვეწარმავალები მნიშვნელოვნად მომრავლდნენ,
თუმცა, საბედნიეროდ, დღემდე დაგესვლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
-"სხვა წლებთან შედარებით, შარშანაც და წელსაც გველები ძალიან მომრავლდნენ. არის შემთხვევები როდესაც სახლებში შედიან. შარშან ჩემთან მაღაზიაში შემოვიდა და ორი დღის განმავლობაში კარდონების ქვეშ იმალებოდა. მერე გამოვიდა და მოვკალი. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი დაგესლა, საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს. ჩვენთან კიდევ ამბულატორიაც არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში პირველადი დახმარება მაინც აღმოგვიჩინონ," _ გვითხრა კაზლარის მკვიდრმა უსუფ გასუმოვმა.
მის აზრს იზიარებს სოფელ ლამბალოს მკვიდრი რაშიდ იბრაგიმოვიც.
-"შარშანდელთან შედარებით გველები მართლაც მომრავლდნენ. ადრე იშვიათად ვხვდებოდით ეზოში, ეხლა კიდევ სახლშიც შემოდიან. უკვე რამდენიმე მოვკალით კიდეც. მინდორშიც იმდენია, ფეხს ვერ აუქცევ. გვეშინია ჩვენს ბავშვებს არ უკბინონ. დიდი კიდევ ფრთხილობს, მაგრამ ბავშვმა შეიძლება ვერ დაინახოს და ფეხი დაადგას," _ გვითხრა მან.
ქვეწარმავლების მომრავლებით შეწუხებულია მუზამბარ მამედოვიც.
-"ალბათ, ბუნებაშიც შეიცვალა რამე და იმიტომ მომრავლდნენ. სხვა წლებში არც ასეთი დიდი ზომის გველები ყოფილა და არც ამდენი. ჩვენს სოფელში არც ექიმია და არც სამედიცინო პუნქტი, რომ დაკბენის შემთხვევაში მივაკითხოთ. ვის უნდა მივმართოთ, არ ვიცი," _ გვითხრა მან.
როგორც შპს "ჯეოჰოსპიტალს"-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა კოტე გრძელიძემ გვითხრა, ამ სეზონზე დაგესვლის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
-"კლინიკაში არის ანტიგიურზნი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება. პროცედურა უფასოა, ამიტომ, მოსახლეობას ვთხოვთ, თუკი იქნება დაგესვლის შემთხვევა, დაუყოვნებლივ მოგვაკითხონ, აქ ყველა საჭირო მომსახურება ჩაუტარდებათ," _ გვითხრა მან.
სპეციალისტების თქმით, გველით დაკბენის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ხალხური მეთოდებით მკურნალობა და აუცილებელია მივაკითხოთ ექიმს. უნდა გაკეთდეს თუ არა შრატი, ამასაც თავად ექიმი წყვეტს, რადგან, როგორც ირკვევა, საქართველოში მხოლოდ გიურზას დაგესვლისას არის საჭირო ანტიგიურზინი, დანარჩენი შემთხვევები ექვემდებარება მკურნალობას და მომაკვდინებელი არ არის.
სპეციალისტები გვირჩევენ სანიტარული ნორმების დაცვას. ვეცადოთ, არ მომრავლდნენ მღრღნელები, რადგან, მათი არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გაჩნდება გველიც.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები