იორმუღანლოს თემის სოფლებში, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, საბავშვო ბაღი არასოდეს ჰქონიათ. მათ წლების წინ ამის შესახებ საგარეჯოს გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ
მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, რომ მათი მოთხოვნა ამჯერად მაინც დაკმაყოფილდება.
-"ჩვენ სოფელში საბავშვო ბაღი არასოდეს ყოფილა. ბავშვები სახლებიდან პირდაპირ სკოლაში მიდიან. ადრე წლების წინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა აეშენებინათ, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა, არავის არაფერი გაუკეთებია. ჩვენი სოფლები უპატრონოდაა მიგდებული, არც სკოლა გვაქვს ნორმალური და არც ბაღი და ამბულატორია. პატრონი არავინ გვყავს. თუ ამჟამინდელი მთავრობა მაინც მოგვაქცევს ყურადღებას და ჩვენს სოფლებში ბაღს ააშენებს, მადლობლები ვიქნებით. ეს მომავალი თაობისათვის აუცილებელია," _ გვითხრა მახმად დეიხანოვმა.
როგორც დუზაგრამის მკვიდრმა შაფიგა მამედოვამ აღნიშნა, სოფელში ბაღი აუცილებელია.
-"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ბაღი აშენდეს, არც ერთ სოფელში არასოდეს ყოფილა. ბავშვებს ყოველთვის სახლში ვზრდით. თუკი ამის საშუალება იქნება და გააკეთებენ, ძალიან კარგია."
როგორც ჩვენთან საუბარში საგარეჯოს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების უფროსმა ელზა გილაშვილმა აღნიშნა, იორმუღანლოს თემში დაახლოებით 2 კვირაა, რაც ორი ჯგუფი ფუნქციონირებს.
-"ამჟამად იორმურანლოს თემის სოფლებში: ლამბალოსა და მუღანლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "კივიტას გეორგიკას" ინიციატივით ორი ალტერნატიული ჯგუფი გაიხსნა და 6 თვის განმავლობაში იფუნქციონირებს. ბავშვები სულ 4-5 საათით მიდიან ბაღში, ჰყავთ ერთი აღმზრდელი. ინვენტარი თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა, ხოლო ქირას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა იხდის. ეს ჩვენი დეპუტატის ქალბატონ თინა ხიდაშელის ინიციატივით მოხდა, რომელიც ძალიანაა მოწადინებული, რომ იორმურანლოს თემის ყველა სოფელში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები გაიხსნას. მომავალი წლიდან ვაპირებთ შევაკეთოთ სოფლებში არსებული შენობები და გავხსნათ ბაგა-ბაღები. " _ აღნიშნა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების უფროსმა.
მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობისაგან საგარეჯოს გამგეობაში უკვე შევიდა წერილი საბავშვო ბაღების გახსნის თაობაზე, რომელსაც ხელს 100-მდე ადამიანი აწერს. ელზა გილაშვილის განმარტებით, ისინი ყველანაირად ცდილობენ პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრას.
მარინა ბეროშვილი
[caption id="attachment_6116" align="aligncenter" width="610"]
მასალის გამოყენების პირობები