გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს
ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი წარუდგინა. არჩილ ხანდამაშვილის
განმარტებით, თეიმურაზ ზავრაშვილი დიდი გამოცდილების მქონე კადრია.
„ბატონი თემურ ზავრაშვილი დაინიშნა მერის პირველ მოადგილედ, სიმონ
ქოჩორაშვილმა დაიკავა მოადგილის პოზიცია. ამის შემდეგ ყველა ერთ
გუნდად ვიმუშავებთ და უფრო ოპერატიულები ვიქნებით. ცვლილებაა ის, რომ
თუ აქამდე ადმინისტრაციული სამსახური, მანამდე ჩემს დაქვემდებარებაში
იყო, ახლა ეს მოვალეობა ვიცე მერს დაეკისრება. მინდა აქვე აღვნიშნო,
რომ ბატონი თეიმურაზი დიდი გამოცდილების ადამიანია.“
როგორც ჩვენთან საუბარში თეიმურაზ ზავრაშვილმა აღნიშნა, თავისი
გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქრობს რაიონისთვის ბევრ სასიკეთო
საქმეს გააკეთებს.
„სათქმელი ჯერ ბევრი არაფერი მაქვს, ბოლომდე არ გავცნობივარ მერიაში
არსებულ სიტუაციას. ალბათ, რამდენიმე დღეში გახდენა ცნობილი რა არის
გასაკეთებელი, წინასწარ დაპირებები და საუბარი ცოტა რთულია. ცხოვრების
განმავლობაში ბევრ პოზიციაზე მიმუშავია. ყველაზე დიდი მისია, რომელიც
დამეკისრა არის ჩემი ახალი თანამდებობა, ვინაიდან ვემსახურები ჩემს
რაიონს. ერთადერთი, რაც ამ წუთისთვის შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ
ბოლომდე გავიხარჯები ხალხის საკეთილდღეოდ. არა მარტო ჩვენთან,
მსოფლიოში დიდი პრობლემაა კვალიფიციური კადრი, ვთვლი იმდენად დიდი
გამოცდილება მაქვს მართვის კუთხით, რომ ჩემს რაიონს ბევრ რამეში
წავადგები. ვიცი, ბევრი უძილო ღამეც მომიწევს, მაგრამ ეს არი ჩემი
ცხოვრება, ასე ვიცხოვრე და ასე გავაგრძელებ.“
ვიცე-მერის, დაქვემდებარებაში იქნება ადმინისტრაციული, იურიდიული,
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა,
ზედამხედველობის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური
მომსახურების სამსახურები.
თეიმურაზ ზავრაშვილი დაიბადა გურჯაანში 1959 წელს. წლების
განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა,
როგორც სამოქალაქო, ასევე საქართველოს შეიარაღებული ჯარების
სამსახურში. 1997 წელს მან მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ის გახლავთ
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელი, ასევე მიღებული
აქვს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ (2004, 2016), საბრძოლო
დამსახურების მედალი, მედალი უმწიკვლო სამსახურისათვის III, II, I
ხარისხები და ასევე ქ. გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება
(11/10/2015წ) . 2017 წლიდან დღემდე თეიმურაზ ზავრაშვილი იკავებდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების
უფროსის პოზიციას.
მასალის გამოყენების პირობები