ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, კახეთის რეგიონის
მუნიციპალიტეტებს შორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბოლო ადგილზე
გასვლასთან დაკავშირებით, შეფასება მერს არჩილ ხანდამაშვილს ვთხოვეთ.
მისი თქმით, ეს შეფასება „საწყენია“ იმ ფონზე, როდესაც
მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჩართულობით არაერთი ინფრასტრუქტურული
პროექტი ხორციელდება.
-“ცოტა საწყენია ეს შეფასება. ალბათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს
მრჩეველთა საბჭო, რომელიც აქტიურად გვეთანაშრომლება. თვეში ერთხელ
ვიკრიბებით და სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე ვმსჯელობთ. ასევე
მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული „მედია ცენტრ კახეთთან“, სადაც
მოსახლეობა თავის პრობლემებს ასახელებს და ჩვენ ვიზიარებთ. ის, რომ მე
და მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად ვხვდებით ხალხს, ის, რომ 7 მილიონი
ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა ამ წელს
მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის დაკვეთაა და სწორედაც რომ მათ
ჩართულობას ნიშნავს. პრობლემები ხალხმა დაასახელა და ჩვენც
შევასრულეთ. მოსახლეობის ჩართულობაა ის, რომ ამდენი პროექტი იგეგმება,
არა მარტო ინფრასტრუქტურული, არამედ, საგანმანათლებლო. გამჭვირვალობას
რაც შეეხება, არც ამ მხრივ არსებობს პრობლემა. მაგალითად მოვიყვან
იმას, რომ ჟურნალისტებს ჩვენთან თანამშრომლობის პრობლემა არასდროს
შექმნიათ, მუდამ მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“-ამბობს არჩილ
ხანდამაშვილი speqtri.ge-სთან.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით კახეთის
რეგიონიდან ყველაზე მაღალი შედეგების მქონე მუნიციპალიტეტად ლაგოდეხი
დასახელდა.
ბოლო ადგილზე კი გურჯაანია და საქართველოს მასშტაბით 64
მუნციპალიტეტიდან 56-ე
ადგილს იკავებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს
საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ
ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.
მასალის გამოყენების პირობები