პირველ მაისამდე ორი აიიპ-ის: სპორტული გაერთიანებისა და მუნიციპალური
კულტურის ცენტრის რეორგანიზაცია დაიწყება. როგორც ჩვენთან
საუბარში მერის მოადგილე ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, ორივე
ორგანიზაციაში ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.
„მერის მოადგილის რანგში ფაქტობრივად დავამთავრე აიიპ-ების
თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა. ჩემთვის სრულიად ნათელია
როგორი მდგომარეობაა იქ, გავეცანი მათ სტრუქტურას, დებულებებს,
წესდებას და ა.შ. ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება,
რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება ააიპ-ების სტრუქტურული
ცვლილებები. აქედან გამომდინარე, პირველ მაისამდე გამოცხადდება
„სპორტული გაერთიანებისა“ და „მუნიციპალური კულტურის ცენტრის“
რეორგანიზაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ამ
ეტაპისთვის არ გულისხმობს შტატების შემცირებას. თითოეული ააიპ-ის
სტრუქტურა ჩამოყალიბდება სხვა კუთხით. ყველა თანამშრომლისთვის
დაიწერება შინაგანაწესი, გაიწერება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია,
გადაიხედება მათი კვალიფიკაცია, არის თუ არა შესაბამისობაში ამა თუ იმ
დაკავებულ თანამდებობასთან. ამ პერიოდში დავინახავთ როგორ იმუშავებს
სტრუქტურა და თითოეული თანამშრომელი. შესაბამისი შეფასებები მხოლოდ
ამის შესაბამისად გაკეთდება.“
მისივე თქმით, სტრუქტურის დალაგების შემდეგ თანამშრომლებისთვის
გაიწერება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
„განისაზღვრება თითოეული ადამიანის სამუშაო აღწერილობა და ამის შემდეგ
დაიდება ხელშეკრულებები. თუ ნებისმიერი მათგანი ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ვერ ან არ შეასრულებს კვალიფიციურად,
გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ასეთი ადამიანები დატოვებენ
სამსახურს. ორივე ააიპ-იში ხელმძღვანელის კუთხით არჩევანი გაკეთებულია
და ორივეს მხარს ვუჭერ. კარგიც არის, როდესაც ახალი ხელმძღვანელი
ახალი ხედვებით და მიზნებით იწყებს რეორგანიზაციას. “
ლელა თევდორაშვილის თქმით, რეორგანიზაცია სხვა ააიპ-ებშიც
იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები