„ნაციონალები“ მთავრობას სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის
თავმჯდომარე" გიორგი ბოტკოველი, კახეთში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს
არ იყენებს.
"სტიქიის შედეგად ორი რეგიონი დაზარალდა - შიდა ქართლი და კახეთი.
კახეთში დაახლოებით 30-მდე სოფელი დაისეტყვა. ამ ყველაფრის
პარალელურად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2013 წელს, საქართველოს
ხელისუფლებამ პრემიერის ხელმძღვანელობით ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად
გამოაცხადა ის, რომ სეტყვის საწინააღმდეგო აპარატები შეიძინეს და
მასში 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. მას შეეძლო 95%-ით შეემსუბუქებინა
სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი. თუმცა, ამ წლებმა დაგვანახა, რომ
ამ დანადგარებს რეალურად არავინ იყენებს. ჩვენი ინფორმაციით
ხელისუფლებას ამ აპარატის ჭურვები საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ის
რაოდენობა კი, რაც აქვთ გამოუსადეგარია. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ
გუშინ 6 გასროლა მოხდა, თუმცა ამან ღრუბელი ვერ გაფანტა."
დღესვე, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი
გიორგი ღვინიაშვილი ჩალაუბანში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას
შეხვდა.
"მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ისინი 100 %-ით არიან
განადგურებული. ეს არ ეხება მხოლოდ გურჯაანის რაიონს, ეს ეხება სხვა
რაიონებსაც. ხელისუფლება იმ დაპირებით მოვიდა, რომ გლეხკაცს არაფერი
გაუჭირდებოდა. ადამიანს ვერ ნახავთ, რომელსაც არ აქვს შარშანდელი
სამარცხვინო რთვლის გამო ბანკის ვალი. ამიტომ ვთხოვ ხელისუფლებას,
სასწრაფოდ ამოუდგნენ ხალხს მხარში და მისცენ კომპენსაცია.
რაც შეეხება სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურს, სახელმწიფომ ამაში
მილიონები ჩადო. ხალხში არის ინფორმაცია, რომ ისინი სპეციალურად
ითრევენ ფეხს, რომ რაც შეიძლება მეტი მოსავალი განადგურდეს და ნაკლები
თავსატეხი ჰქონდეთ შემოდგომაზე“-აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები