ცაცხვი სამკურნალო და სასარგებლო მცენარეა. ის ფართოდ გამოიყენება
როგორც ხალხურ მედიცინაში (ნაყენებისა და ნახარშების სახით), ასევე
პრეპარატების დასამზადებლად.
ცაცხვის ქერქი შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს და 8 %-მდე
ეთერზეთებს. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ,
აქუცმაცებენ ან ფქვავენ. იყენებენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად.
აღნიშნული სითხეები აძლიერებს ნაღვლის დენას.
ცაცხვის ყვავილს სხვაგვარად “ცაცხვის ფერსაც” უწოდებენ. ხალხური
მედიცინა ფართოდ იყენებს როგორც მისგან დამზადებულ ნაყენებს, ასევე
ნახარშებს. პრეპარატები, რომელთაც ცაცხვის ყვავილისაგან ამზადებენ,
გამოირჩევა შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედებით, კუჭის წვენის გამოყოფის
გაძლიერებით, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას,
აადვილებს ნაღვლის გამოყოფას. აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნია აგრეთვე
ანთების საწინააღმდეგო და დამაწყნარებელი მოქმედება. მათ წარმატებით
იყენებენ როგორც სიცხის დამწევ და ბაქტერიციდულ საშუალებებს
სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. რეკომენდებულია გასტრიტის ,
გრიპის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, პირისა და ყელის
გამოსავლებად გინგივიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს.
ცაცხვის ყვავილების ჩაი სასიამოვნო არომატით, ოქროს ფერითა და
სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სასმელია. ის ცხელი სახით უნდა
მიირთვათ ძილის წინ გაციების, ხველის, თავის ტკივილის დროს.
სამკურნალოა ცაცხვის ფოთოლიც. წინათ მას კომპრესის სახით თავზე
იფენდნენ თავის ტკივილის დროს.
ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ცაცხვის ნაცარს,
რომელიც მიიღება ცაცხვის გამხმარი ტოტებისა და ქერქისაგან.
თანამედროვე მედიცინა ცაცხვის ნაცარს იყენებს ტოქსინების
აბსორბციისთვის მოწამვლის დროს. წვრილად დაქუცმაცებული ცაცხვის
ტოტებით ან მათი ნაცრით მკურნალობენ კვებით ინტოქსიკაციას, ფილტვების
ტუბერკულოზს, ფაღარათს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს, ღია
სისხლმდენ ჭრილობებს.
ცაცხვისაგან იღებენ კუპრს, რომლითაც მკურნალობენ ეგზემას. მას კანის
დაზიანებულ უბნებზე უსვამენ. ხველის დროს პაციენტს ზურგზე აფენენ
კუპრით გაჟღენთილ ნაჭერს.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები