ანსამბლი "გურჯაანი" არსებობის 30 წელს ითვლის. მომღერლებმა რაიონი არაერთხელ ასახელეს,
თუმცა, ამ დრომდე სოლო კონცერტი არ გაუმართავთ.
თვლიან, რომ ამას დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება. თუმცა, გეგმავენ, მსმენელს ახლო მომავალში მეგობრებთან ერთად უმასპინძლონ.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპი) "მრავალჟამიერი 1" ჩამოყალიბდა, რომელშიც ანსამბლი "გურჯაანი" და ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი გაერთიანდა.
როგორც ჩვენთან საუბარში ანსამბლ "გურჯაანის" ერთ-ერთმა წევრმა და ააიპი-ს დირექტორმა ბიძინა სამხარაძემ აღნიშნა, ეს მათი დიდი სურვილი იყო, რაშიც ადგილობრივი ხელმძღვანელობაც გვერდში დაუდგათ.
-"ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი, რომელსაც ჯერ სახელიც კი არ აქვს, უკვე დიდი ხანია არსებობს. მასში 60-მდე ბავშვია გაერთიანებული, რომელთაც ლოტბარები-ტარიელ ჯაჭვაძე და ილია დათუაშვილი ამეცადინებენ. როდესაც კონკურსი გამოვაცხადეთ, არ მქონდა იმედი, ამდენი მსურველი თუ გამოჩნდებოდა. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის,"-გვითხრა მან და იქვე დასძინა:
"ჩვენ გავერთიანდით და შეიქმნა ააიპი "მრავალჟამიერი 1". ამ ყველაფერს სათავეში ცნობილი ლოტბარი ილია დათუაშვილი ჩაუდგა, რომელიც ორივე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია."
გასულ წელს თელავში სიმღერის და ქორეოგრაფიული ანსამბლების დათვალიერება-კონკურსი გაიმართა, რომელშიც "გურჯაანიც" მონაწილეობდა
-"შემოწმდა თუ რა მდგომარეობაში იყო რაიონებში მოქმედი ანსამბლები. ჩვენ გავიარეთ ყველა გამოცდა, გადმოგვცეს სერტიფიკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ღონისძიებაში და ფესტივალში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება. მსგავსი ტიტული კახეთის მასშტაბით სულ რამდენიმე ანსამბლს ერგო."
ბიძინა სამხარაძემ იმ ფესტივალზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თელავში გაიმართა.
-"კონსერვატორიის მიერ 20 ოქტომბერს ელისო ვირსალაძის ეგიდით თელავში ჩატარდა ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, ასევე ფოლკლორული ანსამბლები. გუნდები საქართველოს მასშტაბით იყო წარმოდგენილი. მიმდინარეობდა კონფერენციებიც, იმის შესახებ, თუ როგორ განვავითაროთ ქართული ფოლკლორი. ამის შემდეგ 22 ოქტომბერს ლაგოდეხში გაიმართა ძალიან კარგი ღონისძიება. საკმაოდ წარმატებით გამოვედით, მაყურებელმა სიმღერის დროს ოვაციები არ დაიშურა."
ბიძინა სამხარაძემ "სპექტრთან" ანსამბლის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
-"როგორც მოქმედ ანსამბლს, დაგეგმილი გვაქვს ჩავატაროთ ინდივიდუალური კონცერტი. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება გვერდში გვიდგას, მაგრამ მაინც გვინდა, რომ საკუთარი შემოსავალი გვქონდეს. ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული იქნება. ვინც პროფესიონალია, დამეთანხმება, რომ ინდივიდუალური კონცერტის ჩატარება რთულია და ამისათვის მომზადებას წლები სჭირდება. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ბატონი ილია დათუაშვილის დამსახურებაა, მან შეუძლებელი შეძლო. ჩვენც და პატარებიც უკვე იმ ფორმაში ვართ, რომ კონცერტი გავმართოთ. ჯერ დაგეგმილი არ გვაქვს, როდის, მაგრამ ვაპირებთ ჩავატაროთ გურჯაანში, ველისციხეში და ასევე უკანა მხრის სოფლებში. იქაურ წარმომადგენლებთან ამ საკითხზე უკვე გვქონდა საუბარი. შემდეგ კი სხვა რაიონებშიც გადავინაცვლებთ."
ბატონ ბიძინას არც ახალგაზრდა შემოქმედების მიღწევები გამორჩენია. როგორც მან გვიამბო, ივლისის თვეში ბიჭუნათა ანსამბლი ბულგარეთში ფესტივალზე იმყოფებოდა და დიდი მიღწევებითაც დაბრუნდა.
-"ბულგარეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც ბიჭუნათა ანსამბლი იყო მიწვეული. მონაწილეობას 22 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ. საქართველოდან ვიყავით ჩვენ და თბილისის ცეკვის ანსამბლი. როდესაც უცხო მხარეში მიდიხარ, ხვდები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, შემდეგ ხდება მათთან დამეგობრება, მიმოწერა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ორი კვირის მანძილზე ბავშვებმა არ დაიშურეს ენერგია, რომ თავიანთი მხარე წარმატებით წარმოეჩინათ. ავიღეთ თასები და გრანპრის მფლობელებიც გავხდით, ბავშვებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათთვის დიდი სტიმული იყო. ყველა უზომოდ კმაყოფილიი დავბრუნდით,"-გვითხრა მან.
ბიძინა სამხარაძე იმ გასვლით კონცერტებზეც გვესაუბრა, რომელსაც მომავალში ანსამბლი "მრავალჟამიერი 1" თავის თბილისელ მეგობრებთან ერთად გეგმავს.
-"ჩვენ გვყავს თბილისელი მეგობრები: ანსამბლი "ფაეტონი", "ალილო", დავით კენჭიაშვილი... სწორედ მათთან ერთად ვაპირებთ კონცერტების გამართვას. გვინდა, რომ ბიჭუნების ანსამბლი მუდმივად ფორმაში იყოს, ამიტომ კონცერტზე ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ის, რომ თითქმის 2 საათის განმავლობაში სცენაზე უნდა იყო და იმღერო, დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ანსამბლის ხელმძღვანელს დიდი როლი აკისრია, რომელიც ისე ანაწილებს მომღერლებს, რომ ბავშვებმა შუალედში დასვენება შეძლონ."
ანსამბლ "გურჯაანს" დღესდღეობით ორი ალბომი აქვს ჩაწერილი და მომავალში ამ მხრივ მსმენელის განებივრებას კიდევაც აპირებს.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები