ხუთი-ექვსი წლის იყო, ზიჩის "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟებს წიგნიდან რომ იხატავდა. ეს ის სამყაროა, რომელშიც თავს ლაღად გრძნობს. მისი შემოქმედება უკვე გასცდა გურჯაანისა და საქართველოს მასშტაბებს.
ბესიკ სომხიშვილი მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. ბოლო წლების მანძილზე რუსეთში მოღვაწეობდა.Mმერე მშობლიურ სოფელ ველისციხეში დაბრუნდა. ფერწერა და საკუთარი ნაფიქრალის ტილოზე გადატანა კვლავ მისი პრიორიტეტია. მხატვარმა
"სპექტრთან" საკუთარ ცხოვრებაზე, ნახატებში გაცოცხლებულ განცდებსა და ემოციებზე ისაუბრა.
მის ნამუშევრებში ერთდროულად შეიძლება სიხარულისა და მწუხარების, რეალურისა და აბსტრაქტულის, სიკეთისა და ბოროტების აღქმა. აქვს ნახატები, რომლებიც ავტობიოგრაფიულ პასაჟებს, ცხოვრების ქარტეხილებს ასახავს.
"ჯოჯოხეთის მაშხალა" ბესიკ სომხიშვილმა 1990 წელს შექმნა. ნახატი საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგედიაზე, 9 აპრილის მოვლენებზეა აგებული.
მთავარი პერსონაჟები საბჭოთა ეპოქის ბელადები არიან. ვლადიმერ "ილიჩი" (ლენინი) და იოსებ "ბესარიონოვიჩი" (სტალინი). აქვე გვხვდება ფაუსტის მეფისტოფელი.
სწორედ ეს სახეები გამოხატა მან ჯოჯოხეთის მაშხალებად.
-"ყველანაირი საზიზღრობა, რაც კი ხდებოდა, მინდოდა ჩემეულად მეთქვა. ნახატზე წარმოდგენილია ბოროტების სათავეები: სტალინი, ლენინი და მეფისტოფელი. აქვეა კომუნიზმის სიმბოლოები: დროშა, კონსტიტუცია."-გვიხსნის მხატვარი.
მისი ნამუშევრები არ მოიცავს მხოლოდ კონკრეტულ მიმდინარეობას. ერთდროულად საინტერესოდ მიიჩნევს სიურეალისტურ, პუანტელისტური ჟანრის ნახატებს.
განსაკუთრებით მოსწონს ხაიტეკი, ანუ თანამედროვე სტილით ხატვა.
-"ხაიტეკი ნამუშევრებიც მაქვს. ეს არის ყველაზე თანამედროვე მიმდინარეობა. აბსტრაქტზე კიდევ უფრო მეტად ახალია. არ მიყვარს ნატურმორტები, ბუნების სურათების ხატვა. ჯობია საზოგადოებას ისეთი რამ შესთავაზო, რასაც მეტი დაფიქრება და გააზრება სჭირდება."
ბესიკ სომხიშვილის შემოქმედებაში ვხვდებით რელიგიურ თემაზე შექმნილ ფერწერასაც.
გვითხრა, რომ მალე მისი დაწერილი ხატები ბინას სოფელ ველისციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაიდებს.
შინაგანი პროტესტის ფონზე შექმნილი სიურეალისტური ნახატების გარდა, მითოლოგიურ თემებზეც მუშაობს. ამბობს, რომ სირთულეები არც ცხოვრებაში აკლდა.
იყო დრო, როდესაც ფიქრისთვის კიდევ უფრო მეტად ეცალა. ნახატების დიდი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში შექმნა. დღეს ამაზე დაწვრილებით საუბარი არ სურს. თუმცა მაინც გაიხსენა. ის ნამუშვრები გვაჩვენა, რომლებიც პატიმრობაში ყოფნისას დახატა.
-"იქ დავხატე ასობით ნახატი. გარეთ რომ ვყოფილიყავი, იგივეს ვერ შევქმნიდი. იმ გარემომ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ციხეში ვისწავლე ხეზე კვეთაც. ძირითადად კაკალზე ვმუშაობ."
აღიზიანებს მლიქვნელობა. სწორედ ადამიანის ამ თვისებას მიუძღვნა "ბიუროკრატები", ანუ "პათხალიმაჟი". -"ცხოვრებაში ხომ ხშირად გვხვდება ასეთი ადამიანები,"-ამბობს ის.
გრძნობების აღქმაც თავისებური აქვს. "ხუთნახევარი" გრძნობა მისი კიდევ ერთი ნამუშევარია. რომელია 5-ნახევარი გრძნობა, არ გვიმხელს,"ინტრიგად ტოვებს. უფრო სწორად, ფიქრობს, რომ ეს აბსტრაქტიზმია და თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური, "5 ნახევარი" გრძნობა აქვს.
"შავი და თეთრი დიეტა"-ნახატით ჭარბი წონა გააპროტესტა. ორი მძიმეწონიანი ადამიანი ვერ ახერხებს ჩახუტებას და ერთმანეთისთვის პოზიტიური მუხტების გადაცემას.
ცხოვრება რომ თეატრია, ამ ჭეშმარიტებას ბესიკ სომხიშვილი გამოხატავს ფერწერული ტილოთი -"ნიღაბი".
ის არ უარყოფს, რომ სალვადორ დალის გავლენა აქვს და მისი შტრიხები ზოგიერთ ტილოშიც გადაიტანა.
მოხუცი მხატვარი ორ ახალგაზრდას ხელკავით საკუთარი ნახატების საგამოფენო დარბაზიდან გაჰყავს. ასე წარმოიდგინა ბესიკ სომხიშვილმა წლების შემდეგ საკუთარი თავი და თვითსარკაზმით გაჯერებული სურათი შექმნა.
ახლო პერსპექტივაში კი-პირველი ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით მისი ნამუშევრების გამოფენა ქალაქ თელავში მოეწყობა. სთხოვეს და უარი ვერ უთხრა, თორემ ამბობს, რომ "მარიაჟობა" არ უყვარს.
სამომავლო გეგმებში ასევე განიხილავს რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" გმირები ხეში გააცოცხლოს, რისთვისაც დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები