კულტურა
ურუმჩიში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინის პავილიონი "თამადა" გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საზეიმო ცერემონიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის "ჰუალინგ კორპორაციის"პირველი მდივანი ესწრებოდნენ.

"ქართული ღვინისთვის ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს ექსპორტმა 2,6 მლნ ბოთლს მიაღწია, რაც 122% პროცენტით არის გაზრდილი 2014 წელთან შედარებით. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ექსპორტის ზრდასთან ერთად, ქართული ღვინის ხარისხიც შევინარჩუნოთ. მადლობა იმპორტიორ კომპანიას, რომელიც გაყიდვასთან ერთად, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციასაც ეწევა" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა

პავილიონი "თამადა" სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“ გახსნა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მათ ქართული ღვინის საპრომოციო მასალა გადასცა. პავილიონში დიდი მოცულობის ქვევრი, ღვინის თემატიკის არტეფაქტებისა და ნიკო ფიროსმანის ნახატების ასლებია განთავსებული

პავილიონი სინძიანის პროვინციის მოსახლეობისათვის არამარტო ღვინის წარდგენას, არამედ ქართული კულტურისა და ადათ-წესების გაცნობას ემსახურება.
სტუმრებს, ჩურჩხელის ამოვლებისა და ხინკლის მოხვევასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართულ კულტურასა და ფოლკლორს.



| Print |
FaceBook Twitter Google