10-11 ოქტომბერს რიყის პარკში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით, ტრადიციად ქცეული ყოველწლიური ყველის ფესტივალი გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის და მსგავსი ღონისძიებები, სწორედ, ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. წელს, აქცენტი კავკასიური ყველის საუკეთესო სახეობებზე გაკეთდა.
ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს რეგიონების გუბერნატორებიც დაესწრნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ყველის წარმოება ასწლეულებს ითვლის. ქართული ყველის ათეულობით სახეობა უნიკალურია როგორც საგემოვნო, ასევე წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს რომლებიც არ კარგავენ წარმოების უძველეს, ტრადიციულ ტექნოლოგიებს და მომავალ თაობებს გადასცემენ წინაპრებისგან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.
ფესტივალზე „კავკასიური ყველი“ საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის პროდუქტი: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობები და სხვა. ფესტივალის ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ ყველის მწარმოებლებს სომეხთიდან და აზერბაიჯანიდან.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ყველის ოსტატების მიერ ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობებსა და საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.
ყველის გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ფესტივალი დატვირთული იყო შემეცნებითი პერფორმანსებით. გაიმართა საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დარგის სპეციალისტებითა და ყველის ტექნოლოგებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 7 ნომინაციაში სხვადასხვა სახეობის 12 გამარჯვებული ყველი გამოავლინა. გამარჯვებული ყველის მწარმოებლები სპეციალური დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვეს.
1. კატეგორია ,,ტრადიციული ყველი“, ოქროს მედალი - კოოპერატივი ,,არეგნატენ“ (სომხეთი), ოქროს მედალი - შპს ,,ვან 412“ (საქართველო); 2. კატეგორია ,,ფესტივალის აღმოჩენა“, ოქროს მედალი - ,,კობის ყველი“ (ი.მ რუსლან გუჯარაძე); 3. კატეგორია ,,საუკეთესო დიზაინი“, ოქროს მედალი - თერჯოლა (იმერთის რეგიონი); 4. კატეგორია ,,ყველის მრავალფეროვნება და ინოვაცია“, ოქროს მედალი - ,,მონასტრის ყველი“ (ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია); 5. კატეგორია ,,რძის ინდუსტრიულ წარმოებაში ნატურალური ხაზის პოზიცირება“, ოქროს მედალი - კომპანია ,,სანტე“; 6. კატეგორია ,,ხალხის რჩეული ყველის მწარმოებელი“ - I ადგილი - ი.მ მელს ბდოიანი, II ადგილი - კომპანია ,,ჩიზკო“, III ადგილი - კომპანია ,,ნატურალ პლიუსი“; 7. კატეგორია ,,ევროპული ყველის მწარმოებელი“ - I ადგილი - შპს ,,ვან 412“, II ადგილი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ლელო“, III ადგილი - ი.მ ნანა დათაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები