„კახეთის მეღვინეთა გილდია“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარმოადგენს ღვინის ფესტივალს „თელავინო 2015“, რომელიც ქართული მეღვინეობის, ვაზის, ღვინისა და ზოგადად, მასთან შერწყმული კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციისა და განვითარების საუკეთესო სარბიელია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალი, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის დღეს 4 ოქტომბერს გაიმართება, ქალაქ თელავის ცენტრში, „ძველი ბაღის“ ტერიტორიაზე. ფესტივალზე წარმოდგენილი ქინება დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის, 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭას, სხვადასხვა სასმელებსა და ქართულ ტრადიციულ კერძებს.
სააგენტოს ცნობითვე, „თელავინოს“ სტუმრებს ეძლევათ უნიკალური საშუალება სრულიად უფასოდ დააგემოვნონ საუკეთესო ქართული ღვინო და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ის ექსკლუზიურად დაბალ ფასად. ამასთანავე, ფესტივალი გულისხმობს, როგორც თემატური ნამუშევრების (ფოტო, მხატვრული, მინა, კერამიკა, ტექსტილი) გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს, აგრეთვე ეროვნული ფოლკლორის (სიმღერა, ცეკვა) ჩართულობას ღონისძიებაში.
"ღონისძიების ორგანიზატორი „კახეთის მეღვინეთა გილდია“ აერთიანებს კახეთის ღვინის მარნებს და მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებას რეგიონში, ღვინის კულტურის, ქართული ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების გაცნობას, როგორც უცხოელი სტუმრების ასევე ქართული საზოგადოებისათვის. ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2014 წელს, უკვე საკმაოდ წარმატებულია. ამაზე მეტყველებს: ბათუმის პირველი ღვინის ფესტივალის „Batumi Wine Weekend 2015” აგვისტოსა და სექტემბრის სტუმართა და მონაწილეთა მაღალი აქტიურობა და დადებითი შეფასებები, თელავის პირველი დამოუკიდებელი ღვინის ფესტივალის „თელავინო 2014“ წარმატება", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
„კახეთის მეღვინეთა გილდია“ უცხოელსა თუ ქართველ სტუმრებს იწვევს ფესტივალზე „თელავინო 2015“, რომელიც აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას მეღვინეობის დარგში წარმოდგენილი ყველა ფუნდამენტური მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები