ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრი გაიხსნა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მაყურებელს საშუალება ექნება, სცენაზე სხვადასხვა თეატრის პოპულარული სპექტაკლები, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით რეგულარულად იხილოს.
მათივე ცნობით, ყვარელში, თეატრის გახსნის იდეის გაჩენისთანავე, დაიწყო თანამშრომლობა, რუსთაველის თეატრის დასის ახალგაზრდა მსახიობთან ანდრია თავბერიძესთან. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა იდეის ხორცშესხმა და გუშინ, რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობები ყვარელს ეწვივნენ, სადაც წარმოდგენილი იქნა თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის, რონალდ ჰარვუდის, პიესის მიხედვით შექმნილი სევდიანი კომედიის ჟანრის ორ მოქმედებიანი სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“. მისი პრემიერა რუსთაველის თეატრში 2008 წელს შედგა და მას შემდეგ მაყურებელი არდაჰკლებია.
"რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ ყვარელის სცენაზე მოხუცთა თავშესაფრის ბუზღუნა, მიამიტი, ლაღი თუ ლირიკული ბინადრები კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების წინ ოპერის მომღერლები იყვნენ და რომლებიც ცხოვრებამ სცენიდან კულისებში მოისროლა. თავშესაფარში შეკრებილები ერთმანეთს უზიარებენ იმ დიდ ტკივილს, რაც სიბერემ მათ არგუნათ. ახალგაზრდობა, სიცოცხლე, სცენა, მაყურებელი, აპლოდისმენტები ენატრებათ. ენატრებათ დრო, როდესაც სხვებისთვის საჭირონი იყვნენ. ახლა კი, პანსიონატში თავმოყრილები თითქოს ხელახლა იბადებიან, თითქოს ხელახლა განიცდიან იმას, რაც წლებისწინ მათ სიცოცხლეს ალამაზებდა", - განაცხადეს გამგეობაში.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლში რუსთაველის თეატრის უდიდესი მსახიობები: კახი კავსაძე, დარეჯან ხარშლაძე. ზაზა ალებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, მარინა ჯანაშია, მარინა კახიანი მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები