24 მაისს ველისციხის სახალხო თეატრი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ომარ კაკაბაძე განვლილ წლებს იხსენებს და თეატრის წარმატებებზე საუბრობს.
"რეჟისორი დაახლოებით 1989 წლიდან ვარ, მაგრამ როგორც მსახიობი, თეატრში უფრო ადრე მოვედი. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მოვესწარი ისეთ ხალხს, როგორიც იყო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი მარიამ მესხი, ბრწყინვალე რეჟისორი სოსო მებურიშვილი, ივანე კარდენახლიშვილი და სხვა. საქართველოში სახალხო თეატრების ფესტივალებში ძალიან ხშირად ვმონაწილეობდით. ბევრჯერ აგვიღია პირველი და მეორე ადგილები. პირველი სრულფასოვანი სპექტაკლი, მუსიკით და გაფორმებით 130 წელს ითვლის. 1885 წელს პირველად დაიდგა გიორგი ერისთავის "ძუნწი" და მას მერე მოჰყვა თეატრალური ცხოვრება. "-აღნიშნა მან.
ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნათია გიორგაძე თეატრის სამოყვარულეო დასის მოყვარული მსახიობია. მისი დებიუტი ველისციხის თეატრში სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა.
"ველისციხის თეატრს 130 წელი უსრულდება. ეს სოფლისთვის გრანდიოზული მოვლენაა იმიტომ, რომ ველისციხე არის ძველი თეატრალების სოფელი. დასი ალბათ 200 წელი მაინც იქნება რაც გვყავს. ვთვლი, რომ ველისციხელებს თეატრისადმი სიყვარული და მაყურებლის კულტურა გენში გვაქვს, რითაც ძალიან ვამაყობ. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო სამსახიობოზე ჩამებარებინა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ექიმი გავხდი. რამდენიმე კვირის წინ კი ოცნება ავისრულე და ჩემი დებიუტი სპექტაკლ "ძველებურ ვოდევილებში" შედგა. მე ელისაბედის როლი შევასრულე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩემთვის."
მისივე თქმით, ელისაბედის როლი, ბევრმა გამოცდილმა რეჟისორმა დადებითად შეაფასა.
"სხვათა შორის, გურჯაანის თეატრის რეჟისორმა შემომთავაზა, რომ თუ რამეს დავდგამ, მოგიწვევთო. მეც დავთანხმდი. რაც პოლიტიკაში წავედი, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ამიტომ თეატრი არის ჩემთვის ისეთი დიდი განტვირთვა და ბედნიერების შეგრძნება, რომ ვერ წარმოიდგენთ."
ველისციხის სახალხო თეატრში საიუბილეო კვირეული 22 მაისს დაიწყება, რომელსაც "იუმორინა" და ველისციხის მუსიკოსები ერთობლივად გახსნიან. 23-ში მარჯანიშვილის თეატრი გამართავს წარმოდგენას "თეთრი პეპელა", 24-ში კი საიუბილეო საღამო ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები