მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიებაზე მუზემის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს პირადად წარუდგინეს არსებული ლიტერატურული მასალების, გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტებისა და მათი ლაბორატორიული დამუშავების საფუძველზე მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამუზეუმო ფონდში დაცულ ექსქპონატებს და მოესმინათ მათი ისტორიები. უძველესი ნივთების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება.
ღია კარის დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს წევრები და საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ წმ, ელია თეზბიტელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ონოფრე წულაძე და ეპარქიაში მოღვაწე მონაზვნები.
ზვიად ჯავახიშვილმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და მამა ონოფრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მუზეუმის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს.
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ექსპონატები ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან დღევანდელ პერიოდამდე , საექსპონატო ფონდი კი თორმეტი ათას ერთეულს აჭარბებს. ნაგებობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, მეცხრამეტე ბოლოს აიგო და ის ჯერ მენშევიკთა გვარდიას, შემდეგ კი რაიონის ფოსტას ეკუთვნოდა. შენობა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 1975 წელს გადაეცა.
ინფორმაციისთვის, 1977 წელს მოსკოვში მუზეუმების საერთაშორისო კავშირის მე-11 გენერალურ კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება ამ პროფესიული დღის დაწესების შესახებ. 1978 წლიდან ეს დღესასწაული აღინიშნება მსოფლიოს 150 ქვეყანაში. ამ დღეს მუზეუმებში ეწყობა ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები