ინტერნეტში საქართველოში გადაღებული ბოლივუდური ფილმის ტრეილერი გავრცელდა. ფილმის სახელწოდება „იშქედარიანია“, ანუ "ურთიერთობა, როცა შეყვარებული ხარ".
ამბავი კი სიყვარულზე, თავგანწირვასა და ოჯახურ ღირებულებებზეა. მოქმედება თბილისის უბნებში, ყვარლის ტბისა და ალაზნის ველზე ხდება.
"იშქედარინის" პროდიუსერი ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ჯიმის შემსრულებელია ფილმიდან ”დისკოს მოცეკვავე”. მთავარ როლს კი ამ ფილმში მისი ვაჟი, მაჰააკშეი ჩაკრაბორტი, ასრულებს. სურათ ბოლუვუდურ კომპანიასთან ერთად "მეტრისტუდიო" წარმოადგენს.
ფილმის ბიუჯეტის 40% საქართველოში დაიხარჯა, რამაც 400 000 დოლარამდე მიაღწია.
საქართველოს უპირატესობა ერთ პატარა სივრცეში მოქცეული მთა, ბარი, ზღვა და მდინარეებია. მოსახლეობა კეთილგანწყობილია, ფილმის წარმოება კი იაფია. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება უცხოელ ფილმ-მწარმოებლებს ამ უპირატესობებს წლების განმავლობაში თითებზე უთვლიდა. ბოლივუდმა კი, ეს პერსპექტივა პირველმა დაინახა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში.
შეგახსენებთ, რომ ბოლივუდმა კიდევ რამდენიმე პროექტი განახორციელა საქართველოში. წინა პროექტის, რომანტიული დრამის "სხვა სამყაროს" გადაღებები თვეზე მეტი თუშეთში მიმდინარეობდა. გადაღების ჯგუფმა ასევე იმუშავა კახეთში, რაბათის ციხესა და სამცხე-ჯავახეთში. ზღაპრული ცხოველები და გარემო ამერიკელმა გრაფიკოსმა შექმნა, რომელმაც ავატარის, იქს მენისა და ჯეიმს ბონდის ვიზუალურ ეფექტებზე იმუშავა.
ბოლივუდი წელიწადში 1000 ფილმს იღებს. 2012 წელს ამ ათასიდან ერთ-ერთი ასევე საქართველოში გადაიღეს. "ვილა 2"-ის გადასაღები მოედნები მოეწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, რკნიგზასა და ბორჯომის რეზიდენციაში.
ბოლუვუდი მზად არის საქართველოში წელიწადში 10-20 ფილმი გადაიღოს. საქართველოს კი ამ ეტაპზე, მხოლოდ 3-4 პროექტისთვის საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსი აქვს. "იშქედარინის" ჯგუფი საქართველოში გადაღებული ინდური სურათების პირველ ხუთეულში აღმოჩნდა. ფილმის პრემიერა ინდოეთში 15 მაისს გაიმართება.
https://youtu.be/y7bURZmVWQM
მასალის გამოყენების პირობები