გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის მოსახლეობა უძველესი კულტურული ძეგლის რესტავრაციას ითხოვს.
ღვთიშობლის სახელობის ტაძარი დაახლოებით მე-10 საუკუნისაა და მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა თავად დაათვალიერა ეს ისტორიული ტაძარი და ჭერემელებს დახმარებას დაჰპირდა.
ჭერემის მოსახლეობის თქმით, ტაძრის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან „კომუნისტების“ შემდეგ ამ ისტორიულ-კულტურული ძეგლისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ადგილობრივები ამბობენ, რომ 20-25 წლის წინ ტაძრის კედელი ხის ბოძებით და რკინებით გაამაგრეს, ე.წ. ტროსით დაჭიმეს, რომ არ გადავარდნილიყო, მაგრამ ახლა ეს ბოძებიც ვეღარ შველის. ამასთან ფრესკები, რომელიც რამდენიმე წლის წინ მკრთალადღა ჩანდა, წვიმამ ჩამორეცხა.
ასევე დანგრევის პირასაა ტაძრის უძველესი გალავანი, რომელიც სოფელს მტრის შემოსევებისგან იცავდა.
19 დეკემბერს, როდესაც კახეთის გუბერნატორი სოფელ ჭერემში „შუქის ანთების“ საზეიმო გახსნას დაესწრო, მოსახლეობის ნაწილის თხოვნით, დაზიანებული ისტორიული ძეგლიც დაათვალიერა და დაჰპირდა, რომ ტაძრის შესახებ კულტურის სამინისტროს შეატყობინებდა.
Speqtri.ge დაინტერესდა რა ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და ირაკლი შიოლაშვილს დაუკავშირდა. „ინიციატივაადგილობრივი თვითმმართველობიდან უნდა წამოვიდეს. ბატონ გია გერგიძეს ვთხოვე, რომ ამ ძეგლთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოეწერა. მან ეს წერილი სულ რამდენიმე დღის წინ მოგვაწოდა. ჩვენ გადავამუშავებთ ინფორმაციას და პირდაპირ კულტურის მინისტრს მივმართავთ.“
როგორც გუბერნატორი განმარტავს, ამჟამად სოფლის მოსახლეობას აქვს სამლოცველო ადგილი (წმ.გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც მე-16 საუკუნით არის დათარიღებული), რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ „ქართუ ფონდის“ მხარდაჭერით მოხდა.
http://youtu.be/WGK53UYOjf4
მასალის გამოყენების პირობები