რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრმა, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელშეწყობით, 20 დეკემბერს, 15 საათზე მწყემსებისთვის წარმოადგინა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი სპექტაქკლი.
იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია" შირაქის ველზე, მეცხვარეთა ზამთრის საძოვრებზე, საზღვრისპირა სოფელ კასრისწყალში გაიმართა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის გუდამაყრის ხეობიდან შირაქის ველზე ჩასული მწყემსებიც (თუში მეცხვარეები და მათი ოჯახები) დაესწრნენ.
გარდა ამისა, თეატრმა პარალელურად მოაწყო აქცია "აჩუქეთ წიგნი მწყემსებს", რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო წიგნი მიეტანა მწერალთა სახლში.
შირაქის ველზე, საზღვრისპირა სოფლის, კასრისწყალის მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ გულწრფელად დაიტირა დიდი ქართველი - გოდერძი ჩოხელი.
"შირაქის ველზე, საზღვრისპირა სოფელ კასრისწყალში გოდერძი ჩოხელის საღამო გავმართეთ მეცხვარეებისთვის, კასრისწყლის საჯარო სკოლის დარბაზში. ჩავიტანეთ 800-ზე მეტი წიგნი, რომელიც გადავეცით მეცხვარეებს და კასრისწყლის საჯარო სკოლას, დიდი მადლობა ყველა შემომწირველს, ვინც წიგნი გაგვატანა ამ საოცარ ადამიანებთან: ქალაქ თბილისის მერიას, კულტურის სამინისტროს, გამომცემლობებს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას, მწერლებს, პოეტებს, რიგით მოქლაქეებს ვინც არ დაიზარა და წიგნი მიიტანა მწერალთა სახლში, განსაკუტრებული მადლობა ბატონ ვანო ჯაფარიძეს და ქალბატონ ცისანა ქოჩეჩაშვილს, რომელთაც არ დაიზარეს და თან გაგვყვნენ კასრისწყალში, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებს, ბატონ ბექას და რატის, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ კასრისწყალში. ჟურნალისტებს, ვინც გუშინ ჩვენთან ერთად იყვნენ კასრისწყალში: ილია მარტყოფლიშვილს, თინა თაყაძეს. დიდი მადლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, სოფელ კასრისწყლის რწმუნებულს და დეპუტატს, სოფელ კასრისწყლის პედაგოგებს, მოსახლეობას, მოსწავლეებს და რასაკვირველია მწყემსებს, რომლებიც თავიანთი თვალებით და გამომეტყველებით უფრო მეტს გვეუბნებოდნენ ვიდრე სიტყვით. დიდი მადლობა გუდამაყრიდან ჩამოსულ სტუმრებს, გუდამაყრის გამგებელს და რწმუნებულს, ბატონ მალხაზს და ბატონ თამაზს, რომელთაც თან ჩამომიტანეს ნაბადი და ქუდი. დიდი მადლობა ამ სოფლის მოსახლეობას, ქალბატონებს რომლებმაც კიდევ ერთხელ გულწრფელად დაიტირეს გოდერძი ჩოხელი",- ასე უხდის მადლობას ლიტერატურული თეატრი ღონისძიების ყველა დამსწრეს და მონაწილეს.
"უდიდესი სითბო და სიხარული იყო სოფელ კასრისწყალში. ადგილობრივები (თუში მეცხვარეები) ემოციებს ვერ მალავდნენ იმ სითბოსა და გულისამაჩუყებელი წარმოდგენის გამო რაც ქალბატონმა იზამ და მისმა კოლექტივმა მათ აჩუქეს!", - ნათქვამია მეცხვარეთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია უღრმეს მადლობას უხდის ყველას ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით კი ქალბატონ იზა ვეფხვაძეს!
მასალის გამოყენების პირობები