"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" 25 წლისთავთან დაკავშირებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში “დედამიწის მეგობრების” დღე აღინიშნა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროფესორ-მასწავლებლებთან, ხელისუფლებისა და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლის ყოფილი რექტორის და ბუნების დიდი ქომაგის – ნიკო ქორთუას საფლავი ყვავილებით შეამკო. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს აკადემიკოს ნიკო ქორთუას საუნივერსიტეტო მოღვაწეობის პერიოდი, რომელსაც უნივერსიტეტის ახალი კორპუსების მშენებლობა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ნარგავებით განაშენიანება უკავშირდება.
"თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები შევიკრიბეთ ჩვენი ბუნების დიდი ქომაგის და რექტორის, ნიკო ქორთუას საფლავთან. აღვნიშნავთ შესანიშნავი ტრადიციის სულისჩამდგმელი პიროვნების ხსოვნის პატივსაცემ დღეს. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ხრიოკი იყო, მუხედავად ამისა, სწორედ მისი შრომით შეიქმნა ჭეშმარიტად დიდი სავანე, სადაც თვითონაც ღირსეულად განისვენებს", - განაცხადა თესაუ-ს რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა
"40 წლის წინ, ვიდრე ,,მწვანეთა მოძრაობა” საქართველოში დაფუძნდებოდა, ნიკოლოზ ქორთუამ , როგორც ბუნების გამორჩეულმა დამცველმა, თელავის უნივერსიტეტის და ქალაქის სანაპიროზე, თანამშრომლებთან და სტუდენტებთან ერთად, ხეების გაშენება წამოიწყო. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოძრაობა აკადემიკოსის ხსოვნის საპატივსაცემოდ, ყოველწლიურად, ამ დღეს მის საფლავთან აღვნიშნავთ", - ამბობს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" კახეთის კოორდინატორი ნუგზარ გაბუნია.
ამ დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში პროფესორ-მასწავლებლებმა მწვანე ნარგავები დარგეს, რომელიც თელაველმა ემზარ შალიკაშვილმა მშობლიურ უნივერსიტეტს გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები