საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ოთარ იოსელიანი ახალ ფილმს იღებს.
„ზამთრის სიმღერა“ ქართულ-ფრანგული პროექტია, რომელსაც ფრანგული კინოკომპანია „პიერ-გრიზ-პროდუქსიონი“ და ქართული კომპანია „სტუდია 99“ ერთობლივად ახორციელებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ფილმში არ არის განსაზღვრული კონკრეტული ისტორიული ეპოქა, არის ერთგვარი მოგზაურობა სხვადასხვა დროში. თითოეულ ადამიანს შეუძლია თავად განსაზღვროს ეპოქა და გმირები. ფილმის პრემიერა 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოსა და საფრანგეთში ერთდოულად გაიმართება.
გადაღებებისათვის გარდაბნის რაიონში არსებული ე.წ. „გამარჯვების“ დასახლება შეირჩა, სადაც რამდენიმე შენობა სპეციალურად ფილმის შიდა გადაღებებისათვის აშენდა.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რკინიგზა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის დახმარებითაც საომარი მოქმედებების ურთულესი სცენების გადასაღებად გამოიყო სამხედრო ტექნიკა და ქვეითთა ბატალიონი 80 კაციანი შემადგენლობით.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატს, საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერს ოთარ იოსელიანს კანისა და ბერლინის საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული აქვს კინოპრესისა და კრიტიკის პრიზები. რეჟისორი დაჯილდოებულია ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოთი, საფრანგეთის აკადემიის ვერმეის მედლითა და ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზებით. ოთარ იოსელიანს ბერლინის კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს „ვერცხლის დათვი“, საფრანგეთში „ლუი დელუკის“ პრესტიჟული ჯილდო, ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს ფესტივალების არაერთი ჯილდო თუ პრემია.
მიუხედავად, იმისა რომ საბჭოთა სინამდვილეში ოთარ იოსელიანის შემოქმედება მუდმივად იდევნებოდა, რეჟისორმა მისი უკომპრომისო ბუნების, საბჭოური სინამდვილისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით და კინემატოგრაფიის სიყვარულით ქართველ 60-იანელთა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიმკვიდრა.
მასალის გამოყენების პირობები