ხვალ 11 საათზე ლაგოდეხში, დასასვენებელი ტყე-პარკის ტერიტორიაზე რაიონის ტრადიციული დღესასწაული ,,ჰერეთობა,, გაიმართება.
როგორც speqtri.ge-სთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია განმარტავს, წლევანდელი „ჰერეთობა“ შარშანდელისგან განსხვავებული იქნება. მისი თქმით, ძირითადი აქცენტი სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე გაკეთდება.
„ჩვენ წელს ჰერეთობის აღსანიშნავად 11 ოქტომბერი შევარჩიეთ. მთელ მოსახლეობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვალ ეს შესანისნავი, ტრადიციული ღონისძიება ტარდება, შესაბამისად, დასასვენებელი ტყე-პარკის ტერიტორიაზე მთელი რაიონი მოიყრის თავს. ღონისძიებაზე გაიმართება შეჯიბრი ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში (ბინკპონგში), მოეწყობა ველორბოლა. ჩატარდება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსამბლები და მომღერლები.“
რაც შეეხება სამზარეულოს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, წინა „ჰერეთობისგან“ განსხვავებით, წელს არ მოეწყობა ფაცხები და არც ტრადიციული კერძები იქნება წარმოდგენილი. „მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა წელს ყველას არ მიეცა კერძების დაგემოვნების საშუალება. ამიტომაც გადავწყვიტეთ შემოდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიმბოლურად, მხოლოდ თათარა გავაკეთოთ, ჩურჩხელები გავავლოთ და ბავშვებს დაურიგოთ“.
კახა ჯამბურიას განცხადებით, აღნიშნულ დრესასწაულთან დაკავშირებით, მოსაწვევი საქართველოს პრემიერთან ერთად და თითქმის ყველა უწყების მინისტრს გაეგზავნა. ამავე დროს „ჰერეთობაზე“ მოწვეულები არიან დეპუტატებიც. „ჰერეთობა 2014“-სთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა გამგებელის აზრით, ამდენის დახარჯვა არ იქნება საჭირო. „მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება ცოტა დავხარჯოთ და ეკონომიურად ჩავატაროთ ეს ღონისძიება. ამიტომაც გარკვეული ხარჯები შევამცირეთ“.
ჯამბურიას თქმით, „ჰერეთობის“ ჩატარების ეს ფორმა მისაღებია, თუმცა ღონისძიების საბოლოო სახე ჯერ არ ჩამოყალიბებულა. „ყოველ წელს შეიძლება რაღაც დავამატოთ ან მოვაკლოთ. შემდეგი წლისთვის მინდა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს დაველაპარაკო, რომ თავიანთი პროდუქცია დღესასწაულზე წარმოადგინონ და გაყიდონ.“
ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის დასასვენებელი ტყე-პარკის ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოეწყო, სადაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამაც მიიღო მონაწილეობა.
დასუფთვების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ა.ა.ი.პ. ,,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური,,-ს თანამშრომლები და საკრებულოს წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები